გია ვოლსკი : სუს-მა გამოავლინა ისეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც საქართველოში გარკვეული დესტაბილიზაციის წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოპერაცია ჩაატარა და ისეთი ბოროტი განზრახვა გამოავლინა, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ საერთოდ, საქართველოში შეიძლება გამხდარიყო გარკვეული შეხლა-შემოხლისა და დესტაბილიზაციის წინაპირობა.

როგორც ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა, რუსეთი შესაძლებლობას არ გაუშვებს ხელიდან, რომ საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია შემოიტანოს. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მაღალ დონეზე იმუშავა.

„ადამიანის მოკვდინება უშველებელი ცოდვაა და კონკრეტული ადამიანების მიმართ ვის რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს, სიცოცხლის წართმევა არის არა მხოლოდ უდიდესი ცოდვა, არამედ კრიმინალური დანაშაული. ვფიქრობ, რომ ეს კრიმინალური დანაშაული მნიშვნელოვანწილად უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოში, რუსული თემა წამოიწეოდა, გაბუნიას მიმართ კრიტიკული გამონათქვამიც ბევრი წამოვიდოდა და შემდეგ დასკვნების გაკეთებაც არ ეზარება ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს. კიდევ კარგი, მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ ეს ოპერაცია ჩაატარა და გამოავლინა ისეთი ბოროტი განზრახვა, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, არამედ საერთოდ, საქართველოში შეიძლება გამხდარიყო გარკვეული შეხლა-შემოხლის და დესტაბილიზაციის წინაპირობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატი ოპონენტების შეფასებებსაც გამოეხმაურა.

„ოპოზიცია ვერ წარმომიდგენია, რომელსაც შეიძლება რაიმე კმაყოფილება ჰქონდეს სუს-ის მიმართ. თუ უკრაინული სპეცსამსახურები ჩვენს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ და ამის გამოვლენა თანამშრომლობით მოხდა, ამაში დასაძრახი არაფერია. არავინ იჩემებს, რომ მაინც და მაინც პირველობა მას ეკუთვნის. ფაქტია, რომ სუს-მა იმუშავა მაღალ დონეზე, უკრაინელების დახმარებით, თუ სხვა ქვეყნის, ეს მეორე საკითხია და დეტალები გვეცოდინება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ბოდბეში – დაკავებულია ჩვილის დედა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გიორგი გაბუნიას სოლიდარობა გამოუცხადა