გია ვოლსკი : საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მისასალმებელია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობის გარკვეულ ფორმაზე დათანხმდა.

თუმცა, ვოლსკის შეფასებით, პოლიტიკური პატიმრების თემის კვლავ დღის წესრიგში არსებობა, არასწორია.

უფრო მეტიც, ვოლსკის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებისკენ სწრაფვის სურვილი არ გააჩნია.

„თანამშრომლობის რაღაც ფორმა, რომელზეც დათანხმდნენ, მისასალმებელია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერი პოზიტიური და კონსტრუქციული ნაბიჯი, რასაკვირველია, არის საზოგადოებისთვისაც გარკვეული პოზიტიური შეფასების წინაპირობა, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური პატიმრების თემა კვლავაც დღის წესრიგშია, არა თუ არასწორია, არამედ კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ აქ არჩევნებისკენ სწრაფვის სურვილი ამ პოლიტიკურ გუნდს არ გააჩნია, ვინაიდან საკმაოდ ბევრი დაკარგა და დივიდენტები საკმაოდ შეუმცირდა. ვფიქრობ, დღეს რაღაც გაურკვევლობა აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„საქართველოში პოლიტიკური პატიმრები რომ არსებობდნენ, სასამართლო სისტემას არ ექნებოდა ასეთი მაღალი შეფასება, როგორიც დღეს უკვე გაჟღერდა სასამართლოს ეფექტურობის და მისი დამოუკიდებლობის თაობაზე. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ არის ერთ-ერთი მსოფლი დონის ანალიტიკური ცენტრი. ასე რომ, არის საკითხები, რაზედაც ჩვენ ალბათ კიდევ გვმართებს საუბარი და რადიკალური განცხადებების დიდი სურვილი არ მაქვს“ ,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დღით ბოიკოტს წყვეტს და დღევანდელი პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ ერთი დღით ბოიკოტს წყვეტს და დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დასწრებას აპირებს
შემდეგი სტატიამთავრობამ შესაძლოა დღეს მორიგი რეკომენდაციები გასცეს – პრემიერის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა იმართება