გია ვოლსკი : სახალხო დამცველის განცხადება ცოტა უცნაურია, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი მაღალ დონეზეა შეფასებული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას უცნაურს უწოდებს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი წესი საკმაოდ მაღალ დონეზეა შეფასებული.

„ცოტა უცნაური განაცხადია, რადგან კანდიდატების შერჩევის წესი და კანონი, რომელიც ამ პრინციპს განსაზღვრავს, საკმაოდ მაღალ დონეზეა შეფასებული და არ მგონია, რაიმე კითხვა ჰქონდეს რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტს, თუმცა თუ ეს სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღეს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებსა და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ხდება – ზალკალიანი
შემდეგი სტატიაეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს