გია ვოლსკი : პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს სამთავრობო კრიზისს გამოიწვევს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა სამთავრობო კრიზისს გამოიწვევს, რასაც ევროპული ქვეყნებიც ვერ გადაურჩნენ.

გია ვოლსკი ოპოზიციის მოთხოვნებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციას თანამშრომლობის სხვა გაგება აქვს, რადგან სურს, თავისი წინადადებები პრივილეგირებული და გაზიარებული იყოს, მაშინ როცა ოპოზიცია არა მხოლოდ აგრესიულად არის განწყობილი, არამედ მათი საქმიანობა ხასიათდება, როგორც დესტრუქცია და დესტაბილიზაცია.

„მათი მიზანია, საზოგადოებაში რაც შეიძლება მკაფიო და აგრესიული გამყოფი ხაზები იყოს. პარლამენტში ოპოზიციას თავისი წარმომადგენლობა ჰყავს და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიები მათ პოზიციებს იზიარებენ. კონსულტაციებზე უარი არასოდეს გვითქვამს, მაგრამ კონსულტაციებს გააჩნია, საკუთარი პოზიციების თავზე მოხვევა უნდათ. ანტაგონიზმის გათვალისწინებით, პროპორციული სისტემა 2020 წელს სამთავრობო კრიზისს მოიტანს, რასაც განვითარებული, ევროპული დემოკრატიული ქვეყნები ვერ გადაურჩნენ, საქართველოს კი, ეს ფუფუნება არ გააჩნია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.

banner
წინა სტატიაშიგაერთიანებული ოპოზიციის წევრები შალვა ნათელაშვილს ხვდებიან
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება