გია ვოლსკი : პრეზიდენტი ინტელექტის დეფიციტს არ უჩივის, მაგრამ ვერც ერთ დარგში ვერ ერკვევა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ ერთი ადამიანი იმაზე გაცილებით მეტს არ უნდა ხარჯავდეს, ვიდრე პარლამენტის მთელი შემადგენლობა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა შეაფასა, ბევრი სისუსტე დაინახა, რამაც მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა რატომღაც შუა სხდომაზე გადაწყვიტა, რომ სიტყვა–პასუხის ფორმატში ჩართულიყო, რაც სხდომისთვის ლამაზი არ იქნებოდა.

„მას საშუალება ჰქონდა, ყველაფერი მოესმინა და განუსაზღვრელად მიცემულ დროში ერთიანად ეპასუხა. როგორც ჩანს, მდგომარეობა და თავისი გამოსვლაც შეაფასა, თავის ფორმულირებაში – 20 წუთიანი ტელეგრამის გამოგზავნაში ბევრი სისუსტე დაინახა. ამას იცის დაემატა, რომ გუშინდელი მოკავშირე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი საკმაოდ უხეში და არაკორექტული შეფასებებით გამოვიდა და ერთადერთი, ვინც მას მხარი დაუჭირა,„პატრიოტთა ალიანსი“ იყო. ამ ყველაფერმა ერთად მისი ფსიქოლოგიური განწყობა შექმნა და იმის მიზეზი გახდა, რის გამოც სხდომა მიატოვა”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

დეპუტატი ყურადღებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებზეც ამახვილებს და ამბობს, რომ მათი ხარჯვითი ნაწილი არარაციონალურია თუ არამიზნობრივი, ეს მათ გადაწყვიტონ, ვისი კომპეტენციაცაა.

„ერთი ადამიანი იმაზე გაცილებით მეტს არ უნდა ხარჯავდეს, ვიდრე პარლამენტის მთელი შემადგენლობა. საერთაშორისო მოგზაურობები არა თუ შეუთანხმებელია სახელმწიფო სტრუქტურებთან, არამედ აბსოლუტურად უაზროა და მისთვის დამახასიათებელი ზედაპიროულობით ხორციელდება. საქართველოში სოციალური პრობლემები და უმუშევრობა არსებობს, რასთან დაკავშირებითაც მისი გამოსვლა შეფასებაზე უნდა აგებულიყო. კერძოდ, თუ რა კეთდება და ძალიან ბევრი რამ კეთდება, რომ ვითარება გაუმჯობესდეს. ამ მხრივ, სტატისტიკა ჩვენს მხარესაა, მაგრამ კიდევ თუ რაიმე მოსაზრება არსებობს, შეფასებების საფუძველზე უნდა ილაპარაკოს. ეს ადამიანი ვერც ერთ დარგში ვერ ერკვევა. გონია, რომ განათლების სისტემაში მის შემდეგ არაფერი გაკეთებულა, როცა აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ გაკეთდა და იგეგმება. დარგი არ არსებობს, სადაც ის სპეციალისტად ჩამოყალიბდა. მისი გამოსვლები პოპულისტურია და იმდენად ზედაპირული, რომ სახელმწიფოს მეთაურს ნამდვილად არ ამშვენებს. ინტელექტის დეფიციტს ნამდვილად არ უჩივის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მეთაურს მხოლოდ ეს ეყოფა. ინტელექტი გარკვეული ცოდნაა, მაგრამ მთლად გამოჩენილი აქაც არაა. ნაკითხობა არ არის საკმარისი, რათა ანალიზი გააკეთო პრობლემების, ხედვების და დისკუსია შემოგვთავაზო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“გირჩის” ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს