გია ვოლსკი : პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება, პოლიტიკურ ოპონენტებთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, ვენეციის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება შედგა.

„არის თემები, რომლებიც სამართლებრივ ფორმატში უნდა განვიხილოთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში. ხვალისთვის კანონპროექტზე კენჭისყრა აუცილებლად უნდა გაიმართოს. პროცესის შეჩერებაზე, დანგრევაზე, სიტუაციის გამწვავებაზე საუბარი არ უნდა იყოს. რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გათვალისწინებული იქნება. პოლიტიკურ ოპონენტებთან რაიმე შეთავაზება, რაიმე საკითხის განხილვა, მოგვარება ან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან მათი ინტერესია, დესტაბილიზაცია, რასაც ვერ მიაღწევენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარული სხდომა, რომელზეც მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით უნდა განეხილათ, ცხარე კამათის ფონზე გაიხსნა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა, სხდომა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გამოსვლით დაწყებულიყო, რომელმაც დეპუტატების წინაშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცედურაზე უნდა ისაუბროს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის საპასუხოდ განმარტა, რომ დღის წესრიგით განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა. სწორედ ამიტომ, ტრიბუნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს დაეთმო. ოპოზიციონერი დეპუტატები ანრი ოხანაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების გაცნობა ვერ მოასწრეს. სხდომაზე 14:00 საათამდე შესვენება გამოცხადდა.

როგორ ცნობილია, დღეს გაიმართა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. სხდომის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნისა და ინტერესთა კონფლიქტის პუნქტების გათვალისწინებას აპირებს.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო შეკრება კობახიძის კაბინეტში-ხმაურიან სხდომაზე გამოცხადებული შესვენების პარალალურად მმართველი გუნდი პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება
შემდეგი სტატიაექიმების მიმართ აგრესიამ იმატა, ზეწოლის ქვეშ მყოფი სამედიცინო პერსონალი კი გაცილებით უფრო ხშირად უშვებს შეცდომებს