გია ვოლსკი : პასუხი ბრალდებას უნდა გასცე და არა, გია ვოლსკის ედავო, რომ შეგელახა ღირსება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

თუ ბადრი ჯაფარიძეს განათლებაში 221 ათასი ლარის ჩადება უნდა, ჩადოს, ფული არ აქვს თუ რა? თუ უნდა, კრედიტი მომცეს და შემდეგ ეს კრედიტი მის ანგარიშზე შევიტანო და იქედან დახარჯოს ახალგაზრდების განათლებისთვის თუ სხვა ქველმოქმედებისთვის? – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ბადრი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, პოლიტიკა და საზოგადოებრივი საქმიანობა თავშესაფარი არ არის მაშინ, როცა 17 მილიონის აორთქლებას გედავებიან.

„პასუხი ამაზე უნდა გასცე და არა ის, რომ ედავო ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში შენს წინააღმდეგ გალაშქრებას აბრალებ. როცა პოლიტიკაში შემოდიხარ, საკითხებზე პასუხები უნდა გქონდეს და არა, ყურადღების მიქცევის ახალი ფანდი. თუ განათლებაში 221 ათასი ლარის ჩადება უნდა, ჩადოს, ფული არ აქვს თუ რა? უნდა, კრედიტი მომცეს და შემდეგ ეს კრედიტი მის ანგარიშზე შევიტანო და იქედან დახარჯოს ახალგაზრდების განათლებისთვის თუ სხვა ქველმოქმედებისთვის? რა უბედურებაა. რა გადაწყვიტა, ამით ყურადღება მიიქცევს და პოლიტიკურ ველზე პოზიციებს გაიძლიერებს? განცხადებები გააკეთოს იმაზე, რა უქნეს 17 მილიონ დოლარს, როგორი სქემით მოახერხეს გაცემა ისე, რომ მომსახურება არ იყო უზრუნველყოფილი კრედიტზე, როგორ მიიღეს საკუთარ ანგარიშზე და როგორ გადაიყვანეს, გადარიცხეს ოფშორულ ზონაში. ყოველთვის ვამბობ, სასამართლო გაარკვევს ყველაფერს, მაგრამ ვინაიდან, ბრალდებაა პასუხი ამას უნდა გასცე და არა, გია ვოლსკის თუ სხვას ედავო იმისთვის, რომ ღირსება შეგილახეს, რომელიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფაქტია, რომ ეს ფანდია და თავიდან მოშორება უნდა მთავარი კითხვების. თავის თავის და ობიექტის რაღაც სიმბოლოდ გამომიყვანა, რაც ასე არაა. ედავებიან და პასუხი უნდა გასცეს. ამბობს, რომ ვინაიდან პოლიტიკაშია, აბრალებენ და აბსურდებს იგონებენ, ეს არ არის შეურაცხყოფა? თუ პოლიტიკურ ველზე ხარ, კეთილი ინებე და პასუხი გაეცი იმ საკითხებს, რაზეც გედავებიან და არა ის, რომ პირიქით, აბსურდული ბრალდებები მოიგონო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯაფარიძე გია ვოლსკისგან მის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფას ითხოვს. ბადრი ჯაფარიძე ასევე მოითხოვს, გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელიც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩაიდება.

banner
წინა სტატიაში“მამუკა ხაზარაძეს განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფდი, ჩვეულებრივ პარტიას შექმნის, ასეთი ბევრი გვინახავს” – კახი კალაძე
შემდეგი სტატიასაქართველო აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს