გია ვოლსკი – ოპონენტების სურვილია, სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით ქვეყანაში სიტუაცია შეარყიონ

ოპონენტებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით ქვეყანაში სიტუაცია შეარყიონ, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ეს არ ემუქრება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობა იყო იმაზე, რომ მოსამართლეთა თემის განხილვის პროცესის გაჯანსაღება რომელიმე ჯგუფის პრეროგატივა ყოფილიყო.

„დღეს არ ყოფილა შეხვედრა, რომელმაც კონკრეტული შედეგები მოიტანა. თავიდანაც და დღესაც აზრთა სხვადასხვაობა რჩებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ განხილვის პროცესის გაჯანსაღება რომელიმე ჯგუფის ხელში ან ვინმეს პრეროგატივა არ ყოფილიყო, რაც თავიდან გაცხადდა და ამაზე ჩემი განსხვავებული პოზიცია მქონდა. დღესაც დაფიქსირდა ეს პოზიციები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ფაქტია, აღნიშნული პროცესის ჯანსაღად წაყვანა და განვითარება საგანგებოდ მნიშვნელოვანია არა გუნდის, არამედ საზოგადოებისთვის.

„არის საფრთხეები. ეს საფრთხეები ჩვენ თვალწინ ძალიან კარგად იშლება. ეს დესტაბილიზაციაა, ეს არის ოპონენტებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მონდომება, რომ რეალურად შეარყიონ სიტუაცია სასამართლო ხელისუფლების მეშვეობით, რომელსაც გუშინ მხარს უჭერდნენ და ამ სასამართლოს მიერ თავადვე იქნენ გასამართლებული,“, – აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

რაც შეეხება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს, ვოლსკის თქმით, უნდა შემუშავდეს კრიტერიუმები, რომელიც საზოგადოებისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს, ქვეყანას რყევა არ ემუქრება“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

ამასთან, გია ვოლსკი შეუსაბამოს უწოდებს კითხვას იმის შესახებ, ემუქრება თუ არა რომელიმე დეპუტატს უმრავლესობიდან გარიცხვა.

მისი თქმით, განსხვავებული პოზიციები არაერთხელ ყოფილა, თუმცა გუნდის დაშლა არ გამოუწვევია.

„საზოგადოებას ყოველთვის პატივს ვცემდით და მომავალშიც ასე იქნება. პოზიციას დავაფიქსირებთ. პოზიციას და პოლიტიკას არ შევცვლით. რასაკვირველია, მეტი ეთიკა და თავდაჯერებულობა მოგვეთხოვება ჩვენს განცხადებებში და არა ერთმანეთის მიმართ არაეთიკური გამონათქვამები, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ განსხვავებული აზრები არსებობს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – განსხვავებული აზრები არსებობს, რომლებიც მაქსიმალურად უნდა დავაახლოვოთ
შემდეგი სტატიათბილისში გარდაცვლილი ბავშვის დედისთვის ​პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს