საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველო ნატო-ს სამიტის მიღმა მიზანმიმართულად დატოვეს, რეალობას არ შეესაბამება. დეპუტატის განმარტებით, აღნიშნულ ფორუმზე ნატო-ს არცერთი არაწევრი ქვეყანა არ არის მიწვეული.
ვოლსკის თქმით, ოპოზიციური ძალები ამ თემას საზოგადოებაში მუხტის ასაწევად და ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად იყენებენ.
„უშველებელი პროპაგანდისტული კამპანია ამუშავდა, როგორც კი გაიგეს, რომ თურქეთში ნატო-ს სამიტი იკრიბება. ამბობენ, საქართველო არ დაპატიჟესო, მაგრამ ამ სამიტზე ნატო-ს არც ერთი არაწევრი ქვეყანა არ დაუპატიჟებიათ. პროპაგანდაა იმის თაობაზე, რომ საქართველო გვერდზე გასწიეს, ყურადღება არ მიაქციეს ან საქართველოს მიმართ განგებ სასჯელია გამოწერილი. ეს არის ბოროტი განზრახვით გავრცელებული ინფორმაცია“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერმა განმარტა, რომ წარსულში ნატო-ს სამიტების პარალელურად პარტნიორი ქვეყნებისთვის თანმხლები ფორმატები იმართებოდა, თუმცა ამჯერად მიდგომა განსხვავებულია.
გია ვოლსკის ინფორმაციით, ანკარაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფორმატზე უკვე გაემგზავრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ხვალ სიტყვით გამოვა.
ცნობისთვის: ნატო-ს სამიტი 7-8 ივლისს თურქეთში გაიმართება. ალიანსის შეხვედრის პარალელურად, თურქეთი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან (MSC), კომუნიკაციების დირექტორატსა და ფონდ „SETA“-სთან თანამშრომლობით, უმასპინძლებს პროგრამას „მოკავშირეები ანკარაში“.

















