გია ვოლსკი: კვირიკაშვილს ღარიბაშვილთან და ივანიშვილთან კონსულტაციები აუცილებლად უნდა ჰქონდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთანაც უნდა გამართოს კონსულტაციები.

გია ვოლსკის თქმით, მან იცოდა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების შესახებ, რომ ის პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას აპირებდა, თუმცა მისგან ამ ნაბიჯის გადადგმას მოგვიანებით ელოდებოდა.

“რაც შეეხება კაბინეტის ცვლილებებს, ვფიქრობ, პოლიტიკოსების მხრიდან წინასწარი განცხადებების გაკეთება სპეკულაცია იქნება. ეს პრეროგატივა აბსოლუტურად ეკუთვნის გიორგი კვირიკაშვილს. იგი უნდა იყოს პირველი, ვინც ამ თემაზე განაცხადებს. დარწმუნებული ვარ, მას უნდა ჰქონდეს ყოველმხრივი და ღრმა კონსულტაციები ირაკლი ღარიბაშვილთან და არა მარტო ამ კონკრეტულ მომენტში და კონსულტაციები აუცილებლად უნდა ჰქონდეს პირველ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან ყველა საკითხებთან დაკავშირებით. საერთოდ ეს ურთიერთ-კონსულტაციების ტრადიცია უნდა დავამკვიდროთ და უფრო გამჭვირვალე გავხადოთ. გამოვრიცხავ იმას, რომ კონსულტაციები არ ჰქონოდათ ბიძინა ივანიშვილთან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დაგროვილი პრობლემების ფონზე ეკონომიკური ჯგუფის საქმიანობა უფრო გაძლიერდება.

“მე ვიცოდი ირაკლის გადაწყვეტილების თაობაზე. ცოტა უფრო გვიან ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას. ის სამწლიანი საქმიანობა, რაც წარმოგიდგინათ, არის წარმატებული. ვფიქრობ, უამრავი პრობლემა დაგროვდა ამასთან ერთად და მიმაჩნია, გაცილებით უფრო გაძლიერდება ეკონომიკური ჯგუფის საქმიანობა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, ვოლსკის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები შესაძლოა მომავალშიც იყოს, თუმცა გამორიცხავს, რომ ის ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს.

“ვფიქრობ მისი მონაწილეობა, აზრის კითხვა იქნება აუცილებელი. თუმცა არასდროს არ მქონია ინფორმაცია, მინიშნება, რომ ის რაღაცას ერთპიროვნულად წყვეტს და მოსაზრებებს ახვევს ვინმეს თავზე, რომელ საქმეზეც არ უნდა ვსაუბობდეთ. საერთოდ წესიერ ადამიანთან რომ გქვონდეს საქმე, არც ყოფილ პრეზიდენტთან იქნებოდა გამორიცხული კონსულტაციები და მისი აზრის გათვალისწინება მომავალ საქმიანობაში. ასეთი ტრადიცია განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს”, -განაცხადა გია ვოსლკიმ.

banner
წინა სტატიაშისამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 2030-ის სარეკლამო აბრა მანქანებს დაეცა
შემდეგი სტატიალევან მურუსიძის არჩევას ეკა გიგაური ეხმიანება