გია ვოლსკი : ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ აგრესიისგან

ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ აგრესიისგან, რაც შეიძლება ჰქონდეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გუშინ მათი ოჯახების კეთილდღეობაზე, მათ ჯანმრთელობასა და ახლობლების სიცოცხლეზე გადაიარეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას მარნეულის ინციდენტებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველომ ღირსეული არჩევნებით კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს, რომ დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წევრია.

„ვფიქრობ, კელი დეგნანმა საკმაოდ დიპლომატიურად აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ამ ვითარებით. მეტსაც გეტყვით, იმ პარტიების მხრიდან, რომლებსაც წარმატების პერსპექტივა არ გააჩნიათ, თუ გაგრძელდება ესოდენ პროვოკაციული მოქმედებები, ამან შეიძლება, საქართველოს შეურყიოს სტაბილურობის დონე, ეს ძალიან რთული იქნება ქვეყნის ავტორიტეტისა და არჩევნების პროცესისთვის.

ეს ამოცანა დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ღიად ლაპარაკობენ ტელეეთერებიდან, მათ შორის, ლიდერი სააკაშვილი. ასე რომ, ყურადღებით ვიყოთ და ყველა ჩვენ მხარდამჭერს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციების აყოლისგან და აგრესიისგან, რომელიც შეიძლება, ჰქონდეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გუშინ მათი ოჯახების კეთილდღეობაზე, მათ ჯანმრთელობასა და ახლობლების სიცოცხლეზე გადაიარეს.

თავი უნდა შევიკავოთ, რათა მთავარ ამოცანას მივაღწიოთ. საქართველო დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წევრია და ქვეყანამ ეს კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს ამ არჩევნებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია : ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა