გია ვოლსკი – გიდასტურებთ, რომ იყო საუბარი კომიტეტის ხელმძღვანელობის შეცვლაზე და ეკა ბესელიასთვის ღირსეული პოზიციის შეთავაზებაზე

ბოლო პერიოდში ვითარება დრამატულად შეიცვალა, თუმცა გიდასტურებთ, რომ ეკა ბესელიასთვის ღირსეული პოზიციის შეთავაზებაზე საუბარი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, რამდენიმე თვის წინ ნამდვილად იყო საუბარი გუნდში და არსებობდა მოსაზრება გარკვეულ გადანაცვლებებზე, მათ შორის კომიტეტის ხელმძღვანელობის შეცვლაზე.

„ბოლო პერიოდში ვითარება დრამატულად შეიცვალა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ იყო საუბარი კომიტეტის ხელმძღვანელობის შეცვლაზე და შესაბამისად, ეკა ბესელიასთვის ღირსეული პოზიციის შეთავაზებაზე“ – აცხადებს გია ვოლსკი.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის განცხადებით, პარლამენტში ეკა ბესელიასთვის ვიცე-სპიკერის თანამდებობისთვის განკუთვნილი კაბინეტი მომზადდა.

მისი თქმით, სექტემბერში მიიღეს დავალება, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაღალი თანამდებობის პირისთვის უნდა მოემზადებინათ შესაბამისი კაბინეტი, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს კაბინეტი სწორედ ეკა ბესელიასთვის იყო განკუთვნილი, რომელიც უნდა დაეწინაურებინათ და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაეკავებინა.

„სექტემბრის თვეში პარლამენტის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ დავალება, რომ პარლამენტის მაღალი თანამდებობის პირისთვის შესაბამისი ფართი მოგვეძიებინა და შესაბამისად მოგვეწყო. ფართის მოძიების შემდეგ, უკვე მივიღეთ კონკრეტული დავალება, რომ ეს ფართი მოგვეწყო. ამ დავალების მიღების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ეს ფართი უნდა ყოფილიყო იურიდიული კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარისთვის, რომელიც უნდა დაწინაურებულიყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გამხდარიყო. ეს ხდებოდა სექტემბერ-ოქტომბრის თვეში. ახლა ძნელი სათქმელია, ვინ დაიკავებს ამ კაბინეტს, რადგან ოთახი განკუთვნილია მაღალი თანამდებობის პირისათვის“, – აცხადებს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ პარლამენტში, ვიცე-სპიკერების ფლიგელში ეკა ბესელიასთვის ოთახის მოწყობის შესახებ დავალება აპარატს ჯერ კიდევ სექტემბერში მისცა
შემდეგი სტატიაბათუმში ძლიერი ქარის დროს მიღებული ტრავმების შედეგად გარდაცვლილი მამაკაცის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს