საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გავრცელებული წერილი შეაფასა.
ვოლსკის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით ღარიბაშვილის განცხადებები ხელისუფლების დაზიანებასა და რევოლუციური პროცესების წახალისებას ემსახურება.
უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, შექმნილი სიტუაცია წინასწარ დაგეგმილ სცენარს წააგავს, რომლის მიზანიც ქვეყნის იმიჯის შელახვაა.
„ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე ყველამ ხელი გაიშვირა ირაკლი ღარიბაშვილისკენ, რომ მან თქვა და ყველა მას აჰყვა. ეს ტრაგედია მხოლოდ ერთადერთი საკითხი არ არის, რომელიც პროპაგანდისტურ გეგმაში მოგროვდა… ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილის დაუფიქრებელი თუ შეცდომაში შეყვანის გამო გაკეთებული განცხადება მთლიან სცენარში ჯდება, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დასაზიანებლად და იმ რევოლუციური პროცესის განსავითარებლად, რაზეც არაერთხელ ვისაუბრეთ. თავის გადასარჩენად ასეთი განცხადებები არ გამოდგება“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ მისთვის მძიმეა ყოფილი თანაგუნდელის ასეთ პოზიციაში ხილვა, თუმცა მისი ქმედებების უკან კონკრეტულ ინტერესებს ხედავს.
„ადამიანი ციხეშია, რომელიც გუშინ იმ გუნდის ხელმძღვანელი იყო, რომელსაც წარმოვადგენ… ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი უცებ წამოყრანტალებული თემაა. გეგმაა, საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს ასეთი განცხადებით, რომ შემდეგ, თუ რევოლუცია მოხდება და წარმატება ექნება, მის მიმართ რაღაც შეღავათი იყოს დაშვებული. ან მეორე, უფრო პრიმიტიულია – შეიძლება ფიქრობს, რომ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მეტი რესურსი ექნება, ყურადღება მიაქციონ და ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში ჩაეწეროს. სხვა ახსნა ამას არ აქვს“, — დასძინა ვოლსკიმ.








