პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროკავშირის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომ მიღებული რეზოლუციის მიზანია, რომ როგორმე საქართველოში ეს ექსტრემისტული მიმართულების ოპოზიციის რესურსი შენარჩუნდეს, რომ არ დაეშალოთ – კონკრეტულად ამ მიზნით არის ეს მორიგი რეზოლუცია შექმნილი ივანიშვილის მიმართ.
„ბიძინა ივანიშვილზეა აქცენტი გაკეთებული, რომ იგი უნდა დასანქცირდეს, ყველა რესურსი უნდა მოესპოს და საქართველოში არანაირი პროექტი აღარ უნდა განვითარდეს. ასევე, ადამიანები გამოჩნდნენ, ვინც აკრიტიკებენ იმ ძალისხმევას, რომელიც მან ჩადო ეროვნულ ინტერესებში და სადაც საკმაოდ სერიოზული, სოლიდური, უშველებელი თანხებია დახარჯული. აი ამ საკითხებზე გარკვეული ჩრდილის მიყენებაა საჭირო და მას უნდა შეეზღუდოს რესურსი, რომ თავის ქვეყანას მოახმაროს იგი. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ ასპექტებს, რომელიც რეზოლუციაშია გამოხატული, უსამართლობის რაღაც აპოგეა და მწვერვალია, ვინაიდან საქართველო ყველა სტატისტიკური მაჩვენებლით არის ევროპული ქვეყანა. ასევე, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ნებისმიერი მეცნიერული ანალიზი, გვიჩვენებს იმას, რომ საქართველო თავისი მონაცემებით უკეთესია, ვიდრე ყველა კანდიდატი ქვეყანა და ზოგიერთი მაჩვენებლით მნიშვნელოვანწილად წინ უსწრებს ევროკავშირის და დიდი შვიდეულის ქვეყნებსაც კი. პრობლემები მოსპობილი არ არის, მაგრამ ამ რეზოლუციას გარკვეული მიზანი აქვს, ისევე როგორც წინა რეზოლუციებს. მიზანია, რომ როგორმე საქართველოში ეს ექსტრემისტული მიმართულების ოპოზიციის რესურსი შენარჩუნდეს, რომ არ დაეშალოთ. კონკრეტულად ამ მიზნით არის ეს მორიგი რეზოლუცია შექმნილი ივანიშვილის მიმართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

















