გია ვოლსკი: ეს არის რეალური მდგომარეობა, როდესაც დემარში აუცილებელია

ვითარება დღემდე ისე მოვიტანეთ, რომ სტაბილურობა და განვითარება უზრუნველყოფილი იქნა. იმაზე, რაც კეთდება, პასუხისმგებლობას ხელისუფლება იღებს და მისი მხარდამჭერი უმრავლესობის გუნდი რასაკვირველია, იგივე პოზიციაზეა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ამ განცხადებით გია ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით, არის თუ არა უმრავლესობაში ერთსულოვანი პოზიცია.

მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყების მიერ გამოცხადებული ზომა, რუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევება დემარშია, იმის პასუხად, რაც მსოფლიოში ხდება.

„ეს არის რეალური მდგომარეობა, როდესაც დემარში აუცილებელია, არა მხოლოდ იქედან გამომდინარე, რომ ბრიტანეთმა იგივე გააკეთა, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო–რუსეთის ურთიერთობა, კონფლიქტი და დაძაბულობა მსოფლიოში მიმდინარე ძალიან მძიმე პროცესების სეგმენტია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ეთანხმება თუ არა უმრავლესობის წევრი ირმა ინაშვილის განცხადებას, რომ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებით ფაქტობრივად, წინა საომარ ვითარებაში ვართ და რა საპასუხო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება ქართული მხარე ოფიციალური მოსკოვისგან, გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ადამიანების პათოსის სჯერა და ძალიან რთულად გამოსდის იმის თქმა, რომ ირმა ინაშვილი არაგულწრფელია, მაგრამ მაშინ, როდესაც საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, გულუბრყვილობაა განცხადება, თითქოს, დიპლომატიური მისიიდან ერთი ადამიანის გაძევება რუსეთის საქართველოში შემოჭრის მიზეზი შეიძლება გახდეს.

„ეს ერთი მხარეა და მეორე მხარე, იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ რადიკალური უნდა ვიყოთ და ყველანაირი მოლაპარაკების ფორმატი უნდა მოვსპოთ, რაც არათუ წინდაუხედავი, არამედ ისეთი განცხადებაა, რომელიც მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური პარტიის რაღაც გარკვეულ ნიშაში მოქცევას ემსახურება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ყველა განცხადება და მოქმედება, რასაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს, მთავარ მიზანზე, სტაბილურობისა და განვითარების ტემპის შენარჩუნებაზეა გათვლილი.

„ჩვენი ოპონენტები გვიბიძგებენ, იქნებ, კათოლიკობაში რომის პაპს გადავაჭარბოთ; იქნებ, რუსეთთან უფრო მეტ კონფლიქტში შევიდეთ და ამ ქვეყანას დამატებითი მიზეზი მივცეთ, რათა ის ძალიან მყიფე კავშირებიც გავწყვიტოთ, რომლებიც ჟენევაში, ან აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკების ფორმატში გაგვაჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსი“ ერთ-ერთი მეხუთე კოლონაა, რომლის მიზანია, რუსეთის ინტერესები გაახმოვანოს
შემდეგი სტატიარუსი დიპლომატის საქართველოდან გაძევება მართალია დაგვიანებული