გია ვოლსკი : დავით ჭიჭინაძის განცხადება არაკორექტული იყო, რადგან ხელს არ შეუწყობს საერთო სულისკვეთებას

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, რომ „კოლექტიური ზარდიაშვილების“ თაობაზე დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებული განცხადება არაკორექტული იყო.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკიმ უმრავლესობის სხდომის გადადებასა და მმართველი გუნდის წევრებს შორის მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, დავით ჭიჭინაძემ არაკორექტული განცხადება გააკეთა, რაც ხელს არ შეუწყობს იმ სულისკვეთებას, რაც ყველას გვაქვს.

„სულისკვეთება პოზიტიურია, რადგან ისეთი მისწრაფება გვაქვს, რომ პოზიციები შევაჯეროთ და თუ საჭიროა, ადამიანურ ურთიერთობებზე უფრო ღრმად ვილაპარაკოთ. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომის გადადებას, ეს ის შეხვედრა არ არის, რომლის თაობაზეც ზოგიერთ ადამიანს სკანდალური მოლოდინებიც აქვს. აღნიშნულ შეხვედრაზე თემატური საკითხები და ბოლო პერიოდის სიტყვიერი დაპირისპირების პერიპეტიები უნდა განვიხილოთ. რასაკვირველია, სჯობს, შეხვედრა უკეთესად მომზადდეს, თემები გავიაროთ, პოზიციები შევაჯეროთ და იმ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რომელიც გვაერთიანებს“, – ამბობს ვოლსკი.

რაც შეეხება უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დასწრების საკითხს, ამის თაობაზე ვოლსკი ამბობს, რომ ეს წმინდა საპარლამენტო თემებია.

„არ მგონია, რომ სხდომას ბიძინა ივანიშვილი უნდა დაესწროს. ივანიშვილის თემის გასკანდალება პოლიტიკური პარტიების მცდელობაა და მათ საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ ისეთი მოთხრობა შექმნან, რომელიც საზოგადოებისთვის არასწორი ორიენტირების მიმცემი იქნება“, – დასძინა ვოლსკიმ.

დავით ჭიჭინაძემ „კოლექტიური ზარდიაშვილების“ თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი პარლამენტს უნდა ჩამოაცილონ.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობის სხდომა შაბათს გაიმართება
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტმა გვარის შეცვლის რეგულაციების გამკაცრების შესახებ კანონი დაამტკიცა