“არავის უხარია ვინმეს დასჯა, სადისტი ბაჩო ახალაიასიც კი” – ამის შესახებ “ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი დღეს ირწმუნებოდა, რომ ქვეყნის არეულობის სცენარში ბევრი ადამიანია ჩართული და ყოფილი თავდაცვის მინისტრის საქმე ცალკე ეპიზოდად არ უნდა იყოს განხილული.
„ცალკე ეპიზოდად ნუ განვიხილავთ ბაჩო ახალაიას თემას, დარწმუნებული ვარ, მთელი სისტემა არის აწყობილი, იქ აღმოაჩინეს ასაფეთქებელი, უკრაინიდან გამოგზავნილი იმ ადამიანებისაგან, ვინც დაკავშირებულია ამ რევოლუციურ ჯგუფთან. ბაჩო ახალაიასაც ზუსტად იმ დროს, 4 ოქტომბერს ყოველ წუთას ურეკავდნენ, პოზიციები იცვლებოდა, გარკვეული კონფიგურაცია, ამ ექსტრემისტების გადაადგილების მარშრუტები და ა.შ. რამდენი ფულია დახარჯული ლობისტებში, იმისთვის, რომ არეულობას შეუქცევადი ხასიათი ჰქონოდა, ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვხილოთ. მეც, ჩემს კოლეგებსაც და საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ სწორედაც ასე ხდებოდა და ამ სცენარით ვითარდებოდა თბილისში პროცესები, როგორც ამას გამოძიება გვიჩვენებს. სამწუხაროა, არავის უხარია ვინმეს დასჯა, სადისტი ბაჩო ახალაიასიც კი, მაგრამ რეალურად არის სახელმწიფო ინტერესი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყნის არევა და მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ძალებს კონკრეტული მიზნით სჭირდება, აქედან გამომდინარეობს ეს სცენარი და ამ სცენარში ამდენი ადამიანის ჩართულობა, ყველაფრით, თავისი იარაღით, ასაფეთქებლებით, ამ გარკვეული ადამიანების წინ წამოწევით, რომლებიც თითქოს, საზოგადოებას წარმოადგენენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, ათეულობით მილიონია დახარჯული, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრს, ბაჩო ახალაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ გამოაცხადა.
მოსამართლის გადაწყვეტილების გამცოხადებას ახალაია არ დასწრებია. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საკუთარ პროცესზე დასწრებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლე მეია მელქაძემ პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა. სხდომა მანამდე დაატოვებინეს ახალიას ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც.


















