გია ვოლსკი: 2006 წელს საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კატეგორიული გაფრთხილება

„რასაკვირველია რუსეთმა ომი დაიწყო, მაგრამ ის ნაწილი, შეკვეთა, იმისა, რომ ცხინვალზე ყოფილიყო სარაკეტო დარტყმა, რასაკვირველია რუსეთის ინტერესებში იყო და რასაკვირველია, მისი გეგმის ნაწილი იყო და არა მარტო ეს – ამის გადაღება ტელევიზიით და ამ კადრების ჩვენება მთელი მსოფლიოსათვის მისი გეგმის ნაწილი იყო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მოუსმინეს.

გიორგი ვოლსკიმ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვან ნაწილს შესაბამისი ინფორმაცია არ აქვს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, 2006 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კატეგორიული გაფრთხილება იმის შესახებ, რომ რუსული ბაზების გაყვანისას, კონფრონტაცია მიუღებელი იქნებოდა.

„ვინაიდან, სურათი მართლაც ძალიან მძიმეა, მხოლოდ რამდენიმე დეტალს შეგახსენებთ. 2006 წელს საერთაშორისო თანამეგობრობის, აშშ-ის ჩართულობა ამ პროცესებში იმდენად თვალხილული და იმდენად შეუქცევადია, რომ რუსეთის აფორიაქება გამოიწვია და ვინ, თუ არა რუსეთი დაინტერესებული იყო, რომ მოლაპარაკებების პროცესი შეწყვეტილიყო. ჩამოგითვლით რამდენიმე ფაქტს და თქვით, იმ პერიოდის ხელისუფლების რომელი მოქმედება არ ემთხვევა რუსეთის ინტერესებს: მოლაპარაკება ახალი დამთავრებულია, მიმდინარეობს ჯარების გაყვანა და ჯარების გაყვანას რუსეთის ბაზებიდან ხელმძღვანელობს გენერალი ევნევიჩი და მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კატეგორიული გაფრთხილებისა, რომ ძალიან დიდი წარმატების პერსპექტივა არსებობს, დაძაბვა, კონფრონტაცია იქნება ამ სტრატეგიისათვის მიუღებელი და ჩამშლელი. მაინც მიუხედავად ამისა, რატომღაც სამხედრო პოლიცია იჭერს ევნევიჩს, რომელიც სახმელეთო ძალების სარდლის მოადგილეა, ამ ოპერაციის ხელმძღვანელი და შემდეგ ორ საათში, ჯაჯგურის მერე გამოუშვეს. რასაკვირველია, ცხინვალის მიმართულებით მოლაპარაკებები ჩაიშალა და შემდეგ არის განცხადება , რომ კოდორის ხეობაში თურმე წესრიგის დამყარება კი არ უნდათ, ეს არის პლატფორმა საიდანაც სოხუმს ოთხ წუთში დაარტყამენ და რა საკვირველია მოლაპარაკებები ჩაიშალა. ჩაიშალა ის გეგმა რაც ჰქონდა აშშ-ს და ევროკავშირს რომ დიდი რვიანის შეხვედრაზე უნდა მომხდარიყო პეტერბურგში საბოლოო შეთანხმების მიღწევა იმასთან დაკავშირებით რომ პროცესი რომელიც საგზაო რუკაში იყო ასახული, ეუთოს მინისტერიალის მიერ დამტკიცებულ საგზაო რუკაში, უნდა გაგრძელებულიყო. ამის ჩაშლა აწყობდა, რა საკვირველია მოსკოვს და რუსეთს“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ე.წ. ალტერნატიული პრეზიდენტის არჩევა, ახალგორის მიერთება ცხინვალის რეგიონზე და ვითომ ჩვენი ჩარევით კი არა, ვითომ თვითონ მოიფიქრა ხალხმა და აირჩია ალტერნატიული პრეზიდენტი და რასაკვირველია, აქედან გამომდინარე, ყველაფერი, ის ტერიტორიები, რასაც აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად აღმოჩნდა საერთოდ კონფრონტაციის იმ რეჟიმში, რომელსაც უკვე მოლაპარაკებების გაგრძელება არანაირად არ ჰქონდა, არ შეეძლო.

ადმინისტრაციული საზღვრების დადგენა სააკაშვილის ბრძანებულებით 2007 წლის 10 მაისს, როდესაც აღადგინა პრაქტიკულად თავისი ბრძანებულებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ეს და შემდეგ უცებ გაუგებარი გამგზავრება მერანოში. ეს არის 2008 წელი, ივლისში, რომ თითქოს არაფერი არ ხდება, ამ დროს ირკვევა, იმ ჩვენებებიდან, რომელიც მიცეს საპარლამენტო კომისიას, რომ ეს წინადადება მერანოში გამგზავრების თაობაზე, თურმე ყოფილა რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის მიერ წარმოთქმული სადილზე, რომელიც ორ დღეში შეასრულეს და მერანოდან ჩამოსვლის შემდეგ ირკვევა, რომ თურმე ცხინვალი და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქის რეგიონი რუსეთს თურმე არ აინტერესებს. აქედან გამომდინარე 6 აგვისტომდე საერთოდ არ იყო ამაზე ლაპარაკი, რომ რუსეთი შეიძლება არის მტერი და შეიძლება, უნდა შემოსვლა. უფრო მეტსაც გეტყვით, ბრძანებულება, რომელიც ომის მეორე დღეს იქნა გამოცემული ნათლად, ხაზგასმით მიუთითებს, რომ 8 -ში შემოვიდა თურმე რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე.

რასაკვირველია რუსეთმა ომი დაიწყო მაგრამ ის ნაწილი, შეკვეთა, იმისა, რომ მძინარეა თუ მღვიძარე ცხინვალთან დაკავშირებით არა მაქვს ლაპარაკი, ცხინვალზე ყოფილიყო სარაკეტო დარტყმა, რასაკვირველია რუსეთის ინტერესებში იყო და რასაკვირველია მისი გეგმის ნაწილი იყო. და არა მარტო ეგ. ამის გადაღება ტელევიზიით მაგის გეგმის ნაწილი იყო და ტელევიზიის კადრების ჩვენება მთელი მსოფლიოსათვის მისი გეგმის ნაწილი იყო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაზეც და განაცხადა, რომ ქართულ დელეგაციას ამ რეზოლუციისთვის მხარი არ უნდა დაეჭირა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გაიხსენა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მემუარებში არსებული ჩანაწერიც.

„ჩემმა კოლეგამ აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ერთი მუხლი. მეორე მუხლიც იყო იქ, სადაც წერია, რომ რუსეთმა თურმე კონტრშეტევა განახორციელა. როგორ შეიძლებოდა ამაზე დათანხმება ქართული დელეგაციის, რომელიც იქ იჯდა. რა მოგვცა ამ რეზოლუციამ ისეთი რომელიც თურმე რუსეთს ჩააყენებდა უხერხულ მდგომარეობაში. რატომ არ მიმართეს უშიშროების საბჭოს, რატომ არ გაიყვანეს ხალხი? აბსოლუტურად ყველაფერი დღესავით ნათელია და მხოლოდ ერთი ფრაზა მინდა. აქ მინდოდა რაღაც ნაწილები წამეკითხა იმ დოკუმენტებიდან, რომელიც ჩემს ხელთ არის მაგრამ ვერ ვასწრებ და აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთ დოკუმენტზე გვამახვილებ თქვენს ყურადღებას, ეს არის კონდოლიზა რაისის მიერ შემდეგ უკვე მემუარებად ქცეული ჩანაწერი – ერთი, რომ როდესაც პრესკონფერენცია ტარდებოდა, შეთანხმებულები იყვნენ, რომ რუსეთის აგრესიაზე იქნებოდა საუბარი და სააკაშვილმა დაიწყო ლაპარაკი მიუნხენზე, დაიწყო ლაპარაკი დასავლეთის დადანაშაულებაზე და შემდეგ, როდესაც კონდოლიზა რაისი ფიქრობდა უკვე, რომ ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდაჭერა მოეპოვებინა, ამ კონკრეტულ საკითხზე, უპასუხეს, რომ მაპი სწორედ ამ ქმედებებმა დააყენა საფრთხის ქვეშ. ეს არის დეტალურად აღწერილი და ყველაფერი ეს რაც ვთქვი გაცილებით უფრო ფართოდ, გაცილებით უფრო სიღრმისეულად არის გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში ჩამოყალიბებული და არავინ არ თქვას, რომ რუსეთს იქაც აქვს გავლენა“,- განაცხადა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიეთიოპიური Boeing 737 Max 8 შესაძლოა ჩიტთან ან უცხო სხეულთა შეჯახების გამო ჩამოვარდა
შემდეგი სტატიამალტის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა