გია შარვაშიძე : „აუდიტორია 115“ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს

“ჩემთვის „აუდიტორია 115“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულები არიან სხვადასხვა უნივერსისტეტის სტუდენტები, არასტუდენტები და ასე შემდეგ”, -განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, „აუდიტორია 115“ პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს, თუმცა არ აკონკრეტებს, ვის ინტერესებს.

თავის მხრივ, „აუდიტორიის“ წევრები ამ განცხადების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, ისინი დამოუკიდებელი ძალა არიან, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრების გაუმჯობესებისათვის იბრძვის.

აუდიტორიის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ გია შარვაშიძე 4 წლის განმავლობაში რექტორის პოსტს ვერ დაიკავებს და ამაზე სანაძლეოც კი აქვს დადებული, რექტორის თქმით ის ამ პოსტზე დარჩენას 4 წელზე დიდხანსაც აპირებს.

შარვაშიძემ ასევე განმარტა, რომ ძალიან მალე, როგორც კი პარლამენტი მუშაობას დაიწყებს, კანონში ცვლილებები დაიწყება.

რექტორის განცხადებით, ეს ის რეფორმებია, რაზეც ჯერ კიდევ განათლების მინისტრის მოადგილეობის რანგში შეთანხმდა სტუდენტებთან. ამის საპასუხოდ სტუდენტებმა დამატებით, შეთანხმებითი დოკუმენტის შედგენა და მასზე ხელის მოწერა შესთავაზეს. რექტორის თქმით, სამ თვეში იქნება მზად სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში თავად სტუდენტებსაც შეეძლებათ ჩართვა.

“სწორედ ეს სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი იქნება ჩვენი შეთანხმების დოკუმენტი. ის, რომ დღეს უნივერსიტეტში ყველაფერი რიგზე არ არის არის, ფაქტია, თუმცა მჯერა, რომ ცოტა ხანში ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგმება იმ კუთხით, რომ უნივერსიტეტი გახდება ადგილი, სადაც სამაგალითო სასწავლო პროცესია”,-განაცხადა შარვაშიძემ.

„აუდიტორია 115”-ის წევრის, გიორგი ჯავახაძის თქმით, „უდიტორია“ იმსჯელებს შეუერთდება თუ არა დოკუმენტის შემუშავების პროცესს.

გია შარვაშიძე 16:00 საათზე რექტორის რანგში აკადემიურ საბჭოს პირველ სხდომას გამართავს.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი : ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – მარგველაშვილმა არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის