გია ნოდია:„ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილი

„ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილი

gia nodiaქართული პოლიტიკური საზოგადოების ფეტიშია – არახალი, მაგრამ მდგრადი – „ახალი სახეების“ მუდმივი წყურვილი. პარტიის მუდმივი განახლება თვითმიზანია, „ახალი სახეები“ აპრიორი ძველზე უკეთესია, თუ ვინმე ორი ვადით იყო პარლამენტში ან რამე თანამდებობაზეა ნამყოფი, „ბებერი ნიანგია“. თუ განახლება რადიკალური არაა, „ფასადური განახლებაა“ და ა. შ.
„განახლების“ თვითმიზნურობა არაზროვნების ნიმუშია. ცხადია, ცხოვრებაში ყველაფერს სჭირდება განახლება და განვითარება, მაგრამ ასევე საჭიროა მემკვიდრეობითობა და გამოცდილება. რომელი ჯობია: გამოუცდელი სტომატოლოგი თუ გამოცდილი? პოლიტიკაში რატომ უნდა იყოს სხვანაირად? გამოუცდელობა ბადებს „უბიწოების“, „გაუსვრელობის“ ილუზიას, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა.
მაგალითად, ის, რომ ვარდების რევოლუციამდე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა რვაწლიანი პოლიტიკური გამოცდილება (ძირითადად, შევარდნაძის ხელისუფლებაში), მისი პლუსი იყო და არა მინუსი. ჯერ ერთი, ეს მას უფრო კომპეტენტურად აქცევდა. მეორეც, მის მომხრესაც და მოწინაამღდეგესაც ჰქონდა კონკრეტული საფუძველი მის შესაფასებლად.
ოქტომბრის არჩევნებში, ისტორიაში პირველად, ამომრჩევლებს ექნება საშუალება აირჩიოს ორ გუნდს შორის, რომელსაც, ორივეს, აქვს სახელმწიფოს მართვის გამოცდილება (ვიცი, რომ სხვებიც არიან, მაგრამ იმათ ეს გამოცდილება არა აქვთ, რაც, წესით, მათი სისუსტეა). დაღვინებულ ანუ „კონსოლიდირებულ“ დემოკრატიებში ეს ნორმაა: ხალხს ახსოვს, დღევანდელი ოპოზიცია როგორ იქცეოდა, როცა მთავრობა იყო (მათ შორის ამიტომაც ქციათ ასეთ დემოკრატიებს „კონსოლიდირებული“). ეს არის ძალიან კარგი, რადგან ხალხს აქვს საშუალება იმსჯელოს არა ლამაზი სიტყვებით და დაპირებებებით, არამედ იმით, თუ რა გაუკეთებია როგორც ერთ, ისე მეორე პოლიტიკურ ჯგუფს. ორივე მათგანი, პირველ რიგში, იმით განისჯება, რასაც ინგლისურად ქვია “political record”, და არა სამომავლო პროგრამებით, რომელიც შეიძლება რომელიმე დაქირავებულ პოლიტკონსულტანტს დააწერინო და მერე ნაგავში მოისროლო (როგორც ხდება ხოლმე).
თუ ნაციონალურ მოძრაობას ან ქართულ ოცნებას უნდა ამომრჩევლის მოზიდვა, მათ ის, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებაში ყოფნისას თავისი მოიღწევებით უნდა მიიზიდონ (თუ აქვთ, ცხადია). ამიტომ სიაში ორივეს უნდა ჰყავდეს ხალხი, რომლებიც ამ მიღწევებთანაა ასოცირებული. თუ ისინი კურსს ძირითადად „ახალ სახეებზე“ აიღებენ, ესე იგი, თავისი წარსულის თვითონვე ცხვენიათ. მაგრამ მაშინ რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი?

გია ნოდია

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის მინისტრის გასაიდუმლოებული დოკუმენტები – რა კომპანიებს ფლობს ქუმსიშვილი
შემდეგი სტატიაThe Guardian-ი ჯამალას პორტრეტით გამოვიდა სათაურით “პუტინ, გესმის?”