ტრამპის საგარეო-პოლიტიკური ქცევის ასახსნელად (მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზე ვლაპარაკობ) არსებობს „გიჟის თეორია“, რის მიხედვითაც ტრამპი ძალით იგიჟიანებს თავს, რომ მოწინააღმდეგეები დააბნიოს და ამით მათგან დათმობებს მიაღწიოს.
ხანდახან, ამაში შეიძლება სიმართლის ელემენტი იყოს. მაგ., პანამასთან სტრატეგიამ იმუშავა: ტრამპმა გიჟური იდეა ისროლა (არხზე კონტროლს დავიბრუნებო), შეშინებულმა პანამამ ჩინელებს რაღაც პრივილეგიები შეუჩერა, ტრამპმა გამარჯვებულად გამოაცხადა თავი. პრესტო!
მაგრამ სხვა მისი „სიგიჟეები“ რას ემსახურება, არ მესმის. გრენლანდიას მართლა იერთებს? როგორ? თუ ამ ტერიტორიიის სტრატეგიული მიზნით გამოყენება უნდა, ვინაა წინააღმდეგი, რად უნდა ამას ყვირილი? ღაზის სექტორის გაკონტროლებას როგორ აპირებს? მექსიკისთვის და კანადისთვის ტარიფების დაწესებით რა კონკრეტულ სარგებელს ნახავს? თუნდაც ზელენსკის საჩვენებელი ტელე-მიჯირყვნით რას მიაღწია?
ყველა ამ შემთხვევაში მისი სარგებელი შეიძლება იყოს ახალი აპლოდისმენტები თავისი მეგა-ბაზისგან: „ჩვენი ბიჭი მაგარია“. მაგრამ ეს ხალხი მაინც მისია, ხელისუფლება კიდევ ოთხი წელი მაინც აქვს განაღდებული. როგორც ამერიკის პრეზიდენტმა ამ ყველაფრით რას აღწევს?
მე მგონი, თავის შეგნებული მოგიჟიანების თეორია უნდა შეიცვალოს დაშვებით, რომ კრამიტები მართლა დაუცურდა. შეიძლება, ასაკმა უწია, შეიძლება, არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ თავში ზედმეტად აუვარდა. თან, რესპუბლიკური პარტიის მთლიანად დამორჩილების შემდეგ შემკავებელიც არავინ ჰყავს (2017-21 წლებში ჯერ კიდევ ჰყავდა). დიდი ალბათობით, სამივე მიზეზის ერთობლიობაა.
შეგნებულად არ ვახდენ ტრამპის შეფასებას დემოკრატიული ნორმების და ღირებულებების პოზიციებიდან. წმინდა მაკიაველური ლოგიკით მაინტერესებს: მისთვის რატომაა მომგებიანი ასეთი ქცევა?,-წერს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, გია ნოდია.