“თუ არ გინდა უმაღლეს განათლებაზე ბევრი ფული დახარჯო, სწორედ დაფინანსების არსებული სქემაა მისწრება”, – ამ შინაარსის განცხადებას პოლიტოლოგი გია ნოდია აკეთებს.
პოლიტოლოგი განათლების დეფორმის უარგუმენტობასა და შინაგან წინააღმდეგობრიობაზე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
“მთავრობა გვეუბნება, რომ მისი პრიორიტეტია „მწირი რესურსების ოპტიმალური ხარჯვა.“ ცალკე აღებული, დამაჯერებლად ჟღერს. მაგრამ დეფორმის სხვა მიმართულებაა დაფინანსების სქემის შეცვლა – ოღონდ აქ მცდელობაც არ არის არგუმენტის მოყვანის: შესაცვლელია და მორჩა (ნაცების შემოღებული არ შეიძლება კარგი იყოს).
სინამდვილეში, თუ არ გინდა უმაღლეს განათლებაზე ბევრი ფული დახარჯო, სწორედ დაფინანსების არსებული სქემაა მისწრება (ჩემი აზრით, ის სამართლიანიცაა, მაგრამ ამაზე დისკუსია არ მიმდინარეობს).
(გარდა ამისა, თან ხარისხი აამაღლო და თან ფული არ დახარჯო – ასეთი რამ შეუძლებელია. მაგრამ ეს უკვე ვიცით – სინამდვილეში ხარისხი პრიორიტეტი საერთოდ არ არის).
ვეთანხმები ზოგად პათოსს, რომ საქართველოში საჭიროზე მეტი სტუდენტი და საჭიროზე მეტი უნივერსიტეტია. მაგრამ ამ „ნამეტ“ სტუდენტებზე სახელმწიფო ფულს თითქმის არ ხარჯავს. ის სტუდენტების მხოლოდ მცირე, საუკეთესო ნაწილს და კიდევ სოციალურად შეჭირვებულთა შეზღუდულ რიცხვს აფინანსებს გრანტების სახით და (კიდევ უფრო ცოტას) სიმბოლური სტიპენდიების სახით. დიდი უმრავლესობა სწავლის ფულს თავად იხდის; ამასთან, „ნამეტი“ სტუდენტების უმრავლესობა ისედაც კერძო უნივერსიტეტებშია.
ამის გარდა, სახელმწიფო აფინანსებს მისაღები გამოცდების ორგანიზებას, ხარისხის კონტროლს და, პერიოდულად უნივერსიტეტებს ინფრასტრუქტურის გამართვაშიც ეხმარება (თუმცა ბოლო წლებში ილიას უნივერსიტეტი ამ მხრივ ძირითადად თვითონ უვლის თავს). ჩვენი უნივერსიტეტის დაფინანსებაში სახელმწიფოს როლი ძალიან მცირეა.
სუსტი პროგრამების დახურვას ზოგადად ვემხრობი. მაგრამ ეს უნდა ემყარებოდეს არა „ტრადიციული პროფილის“ იდიოტურ ფსევდო-კრიტერიუმს, არამედ პროგრამების ხარისხს. აკრედიტაცია რისთვის არსებობს?
მოკლედ: დეფორმის „არგუმენტები“ სინამდვილეში დემაგოგიაა, რაც ნიღბავს ნამდვილ მიზნებს: უნივერსიტეტების კონტროლს, თბილისში სტუდენტების და პროფესორების რიცხვის შემცირებას (რომ რუსთაველზე ნაკლებმა ხალხმა იაროს) და დასავლეთის აკადემიურ სისტემასთან „მავნე“ კონტაქტების შემცირებას”, – წერს გია ნოდია.















