საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, გია მურღულია მაუწყებელში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მედიისა და კრიტიკოსების ნაწილის მისამართით მწვავე განცხადება გააკეთა.
მურღულიას თქმით, ბოლო წლებში გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც „სვავებივით ნადირობს“ ნეგატიურ მოვლენებზე და „წესიერ ადამიანებს ტალახს სცხებს“. მისი შეფასებით, მსგავსი საქმიანობა კულტურულ და ღირსეულ საზოგადოებას არ უნდა მოსწონდეს.
„რატომღაც, ამ ბოლო წლებში თუ ათწლეულებში გამოიჩეკა ხალხის რაღაცა გვარი, სახეობა, თუ რა ქვიათ მაგათ, რომლებიც სვავებივით ნადირობენ სიცუდეზე, სიბილწეზე და სცხებენ წესიერ ადამიანებს ტალახს. ეს არის მათი პროფესიული საქმიანობა. ეს საქმიანობა არა მგონია, რომ წესიერ და კულტურულ საქართველოს მოსწონდეს“, – განაცხადა მურღულიამ.
მისი გამოსვლა მოჰყვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მონტაჟის რეჟისორის, გიგა კიტია განცხადებას, რომელმაც პირდაპირ ეთერში მოზარდი გოგონას გონების დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით მაუწყებელი გულგრილობაში დაადანაშაულა. კიტიას თქმით, მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საკითხი შესაბამისი უწყებების მიერ უნდა იქნას შესწავლილი.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეები სწორედ იმ ინციდენტს განიხილავდნენ, რომელიც პირდაპირ ეთერში მოხდა და რომელმაც საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება გამოიწვია. მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი მომხდართან დაკავშირებით ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.















