გია ლორთქიფანიძეს პატიმრობა შეეფარდა

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

გია ლორთქიფანიძეს ბრალი 2011 წლის 26 მაისის დარბევასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს.

დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2011 წლის 25 მაისს, ჯერ კიდევ მიტინგისთვის სანქცირებული ვადის გასვლამდე, პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ გიორგი ლორთქიფანიძე და დავით ახალაია. სწორედ დასახელებულ პირთა მეთაურობით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად, გარდაიცვალა ორი ადამიანი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 250-მა ადამიანმა, უკანონოდ დაკავებული იქნა 800-მდე მომიტინგე.

banner
წინა სტატიაშისილამაზის დედოფალმა ტრამპი დამცირებაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიაბაშარ ასადის სამთავრობო არმიამ ალეპოში ოპერაცია დაიწყო