გია ხუხაშვილი : ვანო მერაბიშვილი შეეცდება, რომ არჩევანი გააკეთოს არა ორ პარტიას შორის, არამედ ხიდი გადოს და ზეპარტიული ფუნქცია აიღოს

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საპატიმროდან ახლად გამოსული ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის არჩევანს კი არ გააკეთებს, არამედ ზეპარტიულ ფუნქციას იკისრებს და პარტიებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას შეეცდება.

„ის შეეცდება, რომ ეს ფრონტი, ამ ორი პარტიის ვექტორი ერთმანეთთან დააპარალელოს, მაკონსოლიდირებელი, ერთ ამოცანაზე მიმართული, მაკოორდინირებელი როლი ითამაშოს ამ კუთხით და მან ეს დაადასტურა. ის შეეცდება, რომ არჩევანი გააკეთოს არა ამ ორ პარტიას შორის, არამედ ხიდი გადოს და რაღაცნაირად ასეთი ზეპარტიული ფუნქცია აიღოს კოორდინაციის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება, რომელიმე ამ პარტიაში წავიდეს, ის თავის ფუნქციას უფრო გამაერთიანებლის პოზიციაში დაინახავს, ალბათ, და ამ მიმართულებით შეეცდება რომ იმუშაოს. რა გამოუვა ეს უკვე სხვა საკითხია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

რაც შეეხება მერაბიშვილის განცხადებას 1 წელში ხელისუფლების დასრულებასთან დაკავშირებით, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს კლასიკური ოპოზიციური განაცხადია.

„ამაში მერაბიშვილი ორიგინალური არ არის და ყველა ოპოზიციონერი ამას აცხადებს დღეის მდგომარეობით და წინასაარჩევნო პოლიტიკური ლოგიკა კარნახობს, რომ სწორედ ასეთი განცხადებები გაკეთდეს“, – განმარტა ექსპერტმა.

ამასთანავე, გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მერაბიშვილის შემთხვევაში გიგი უგულავას სცენარი გაიმეოროს და მერაბიშვილის ციხეში შებრუნება სცადოს, თუმცა ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება პოლიტიკურად ვერ მოიგებს.

„უგულავას მაგალითი მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი შესაძლებელია. თუმცა პოლიტიკური მანქანა უკვე ჩართულია. ახლა დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს და ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის ამ ტიპის ნაბიჯები უფრო დამაზიანებელია, ვიდრე რამე პოლიტიკური დივიდენდის მომტანი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან ირაციონალურ ხასიათს ატრარებს. მე არ ვფიქრობ. რომ უგულავას ციხეში შებრუნებით ხელისუფლებამ რამე პოლიტიკურად მოიგო, უფრო დაკარგა, ჩემი აზრით, უფრო დაზიანდა. თუ მერაბიშვილთან დაკავშირებით იგივე მოხდა, ეს კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ხელისუფლების სისუსტეს, ანუ იმდენად გეშინია, რომ მზად ხარ ამ მეთოდებით იმოქმედო და მეორე მხრივ, კიდევ უფრო პრობლემატურს გახდის კომუნიკაციას დასავლეთთან არჩევნების ლეგიტამაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოკერიამ აუხსნას მერაბიშვილს, რომ აღარ ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დამხობა – ირაკლი სესიაშვილი
შემდეგი სტატიაგია ჟორჟოლიანი : განსაკუთრებულ მოვლენას ვერ ვხედავ, მერაბიშვილი შეუერთდეს მოძრაობას, რომლის დასასრულსაც ამ წლის ბოლომდე ველოდები