“ეს ბოლო ცვლილებები (არ ვგულისხმობ მხოლოდ მდინარაძის გათავისუფლებას, უფრო საყურადღებოა, ვინ დაინიშნა მის ნაცვლად და რა გადაადგილებები მოხდა), ჩემი აზრით, სისტემური ხასიათისაა, რაც ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების “ხელით მართვის” პრინციპებს უბრუნდება. ბოლო პერიოდში მას ეს “საბელი” გარკვეულწილად დაგრძელებული ჰქონდა, რაც კობახიძის დაჯგუფებას რეალური ძალაუფლების ფლობის ილუზიას უქმნიდა. ახლა კი, ასე ვთქვათ, “შიდაკონსტიტუციური წესრიგის აღდგენის” პროცესია, როდესაც რეალური ძალაუფლება და პოლიტიკური პროცესი ერთმანეთისგან გამიჯნულია. ბუნებრივია, ამას მოჰყვება კობახიძისა და მისი დაჯგუფების ერთგვარი “სტერილიზაცია”. როდესაც არა გაქვს რეალური ძალაუფლება, შენი როლი მხოლოდ მითითებების შემსრულებლის ფუნქციით შემოიფარგლება და მეტი არაფრით. სწორედ ამ მდგომარეობაში აბრუნებს დღეს ივანიშვილი კობახიძეს, რომელსაც “საბელი” მაქსიმალურად დაუმოკლეს და პრაქტიკულად, აღარანაირი შეხება არ გააჩნია რეალურ ძალაუფლებასთან”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “სამთავრობო ცვლილებები ირანის ომს და ორბანის წაგებას უკავშირდება?!”
“ამ დამოკლებული საბლით “ეშაფოტზე აყვანა” და იქ სკამისთვის ფეხის წაკვრა უკვე პოლიტიკური ტაქტიკის საკითხია. ფაქტია, სიტუაცია შემზადებულია – მისი მოშორება ისეთივე უმტკივნეულო იქნება, როგორიც ერთი სატელეფონო ზარი. პრემიერების ასე გაშვება საქართველოში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა. როდის მოუნდება ბიძინას ამ სკამისთვის ფეხის წაკვრა, ეს მეორე საკითხია. შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ირანის გარშემო განვითარებული რთული მოვლენების საბოლოო გარკვევას. უნგრეთი იყო პირველი სიმპტომი იმისა, რომ კობახიძე მოსაშორებელია, რადგან ის ერთადერთი აქტივი, რაც მას გააჩნდა – ვიქტორ ორბანთან პირადი ურთიერთობა – უკვე ამოწურულია. ირანი კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ იქ, ფაქტობრივად, დღეს მომავალი მსოფლიო წესრიგის კონფიგურაცია წყდება. ბიძინამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, რა ტიპის ქვეყანას აშენებს: აგრძელებს სვლას რუსულ იმპერიაში რეინტეგრაციისთვის, თუ გადადის ეგრეთ წოდებულ “აზერბაიჯანულ მოდელზე”. პირდაპირ გეტყვით და ცივ წყალს გადაგასხამთ: ბიძინას ხელში დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება არ გვიწერია”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“მათ აქვთ არჩევანი ორ მოდელს შორის: პირველი – რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაცია (რისთვისაც ბოლო პერიოდში ყველაფერი კეთდებოდა); მეორე – გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი დასუსტებულია, დისტანციის დაჭერა და ქვეყნის აწყობა აზერბაიჯანის მოდელზე. სწორედ ამ დილემის წინაშე დგას დღეს ივანიშვილი. თუ აზერბაიჯანულ გზას აირჩევს, მაშინ ეს კობახიძე-პაპუაშვილები და რუსული იმპერიული მენტალობის მატრიცაზე მომუშავე პირები, ბუნებრივია, უნდა ჩამოშორდნენ პროცესებს. მათი ჩანაცვლება მოხდება შედარებით ზომიერი კადრებით, რომლებიც ავტორიტარიზმზე კი დათანხმდებიან, მაგრამ ეს არ იქნება რუსეთში ინტეგრირებული ავტორიტარიზმი. უფრო იქნება ისეთი ტიპის ქვეყანა, სადაც დემოკრატია არ არის, მაგრამ გარკვეულწილად შენარჩუნებულია საკუთარი საგარეო პოლიტიკა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ბიძინამ, ფაქტობრივად, ტექნიკური მთავრობა ჩამოაყალიბა. თამაზაშვილიც და გელაძეც არიან პროფესიონალები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში არ შედიან. ისინი უბრალო შემსრულებლები არიან, დავალება-შესრულების პრინციპით მუშაობენ და არ გააჩნიათ პოლიტიკური ამბიციები, განსხვავებით კობახიძის გუნდისგან. ივანიშვილმა კომფორტი შეიქმნა – მოიყვანა ხალხი, რომლებიც დავალების შემთხვევაში ძალიან მარტივად “შეჭამენ” კობახიძეს. ამ შემთხვევაში ოჯახურ კავშირებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, პოლიტიკურად არაამბიციური კადრი. რაც შეეხება პრემიერობას, ბიძინას, ალბათ, ორი კანდიდატი ეყოლება: ერთი რუსული გზისთვის და მეორე – აზერბაიჯანული მოდელისთვის. პრემიერს მინიმუმ ენების ცოდნა და საგარეო მოლაპარაკებების წარმოება მოეთხოვება. გავრცელებული ხმებით განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, ამჯერად დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება მდინარაძეს, მე მგონია, ისე მივიდა სუს-ში და ისე წამოვიდა, დღესაც არ იცის კარგად, რა ორგანიზაციაში მუშაობდა… ალბათ, კულუარებში დასცინოდნენ კიდეც; რა თქმა უნდა, პირში ეპირფერებოდნენ, მაგრამ ზურგს უკან მასზე ბევრი ანეკდოტი დადიოდა… მას სერიოზულად არავინ აღიქვამს, არც ბიძინა”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“შეტევა ჰერჩინსკიზე რეალურად ევროკავშირზე შეტევაა. დემონიზაცია ხდება არა პერსონის, არამედ მთელი ევროპის. ის რიტორიკა, რომლითაც მას მიმართავენ, აბსოლუტურად აგრესიული და უტიფარია. ესაა ევროპისგან “მტრის ხატის” შექმნის მორიგი ცდა – ვინაიდან ხელისუფლება საკუთარ თავს ვერ დააბრალებს, რომ ევროინტეგრაცია არ გამოდის, ბრალი მეორე მხარეს უნდა გადაიტანოს. ეს არის პირდაპირი რუსული შეკვეთა და კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოება მოამზადონ კონსტიტუციის 78-ე მუხლის ამოსაღებად, რაც რუსეთის მოთხოვნაა, რაც ზახაროვას განცხადებებიდანაც გამოჩნდა. რუსეთს ესმის, რომ ბიძინამ შეიძლება ორმაგი თამაში წამოიწყოს, ამიტომ ცდილობენ ხიდები საბოლოოდ დააწვევინონ… ევროპაში ჩამოყალიბდა განცდა, რომ ჩვენი ხელისუფლება სრულად რუსული ინსტრუქციებით მოქმედებს. შესაბამისად, ისინი ვერ ხედავენ დიალოგის აზრს, მიიჩნევენ, რომ აზრი არა აქვს “ფოსტალიონთან” ლაპარაკს. მათ მშვენივრად იციან, რომ დღეს ყველაფერს ქვეყანაში ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, რაც განსაკუთრებით თვალნათლივ გამოჩნდა ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტისას”, – დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“ე.წ. ოპოზიციური ალიანსი არ არის რეალური ერთობა; ეს არის რაღაც გაუგებარი და აბსოლუტურად ტოქსიკური გაერთიანება. ერთმანეთს იმდენად ვერ იტანენ, რომ ელემენტარულ, ფორმალურ თამაშის წესებსაც კი არ იცავენ და ყოველ წუთს ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში არიან. როდესაც ალიანსები იქმნება, ბუნებრივია, მასში შემავალ პარტიებს შეიძლება ჰქონდეთ მსოფლმხედველობრივი ან პოლიტიკური წინააღმდეგობები, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში ეს გარკვეულ ფორმებშია მოქცეული. აქ კი ჩვენ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე – აბსოლუტურად სუბიექტური და ემოციური დაპირისპირების მოწმეები ვართ. ეს ყველაფერი იმდენად ტოქსიკურია, რომ რაღაც დიდ ერთობაზე ლაპარაკი არასერიოზულია. დავუშვათ, აქვთ ერთჯერადი მიზანი, რომ 26 მაისს აქცია ჩაატარონ; შეიძლება “კბილების ხრჭიალით” აქამდე მივიდნენ კიდეც, თუმცა ამ პროცესში ერთმანეთს იმდენად აზარალებენ, რომ უკვე ეჭვი მეპარება, ეს აქციაც მაინცდამაინც ისე შედგეს, როგორც მათ სურთ. ეს არის აბსურდული მოცემულობა, აბსურდული არგუმენტებით”, – თვლის რესპონდენტი.
“წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი მხარე მეორის ე.წ. უპირობო ბელადს მიხეილ სააკაშვილს სთხოვს, რომ “ხმა ჩაიგდოს”. ეს ხომ სრული აბსურდია. ისინი ისე არიან ამ მდგომარეობაში გახლართულები, რომ ვერც ხვდებიან და ვერც იაზრებენ, რას აკეთებენ. თუ დავაკვირდებით ამ ალიანსის ბუნებას და მის ძირითად მოთამაშეებს, დავინახავთ, რომ ყველა “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოსული “რენეგატები” არიან. საერთოდ გაუგებარია, რა კავშირი აქვს ამ ფაფხურსა და ქაოსს რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკასთან. ჯამში, რასაც ისინი აკეთებენ, მთლიანად ხელისუფლების სასარგებლო თამაშია. ისევე, როგორც თავის დროზე, 4 ოქტომბრის წინ, როდესაც გარკვეული მოლოდინი შეიქმნა და ცვლილებები დაანონსდა, ისიც ხელისუფლების თამაში იყო, რაც საბოლოოდ დრამატულად დასრულდა. ზუსტად იგივე მოლოდინი მაქვს ახლაც. ფაქტობრივად, ვიღაც ხელისუფლებიდან ათამაშებს ახალ-ახალ სცენარებს, მერე კი კაბინეტებში სხედან და ოპოზიციის საქციელზე, უფრო სწორად, უსაქციელობაზე, იცინიან…” – დასძენს გია ხუხაშვილი.
















