გია ხუხაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ სიტყვის თავისუფლებისათვის საბრძოლველად „დაზიანებული ბრენდია

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სიტყვის თავისუფლებისათვის საბრძოლველად „დაზიანებული ბრენდია. მისი თქმით, პარტია დღეს საკუთარ წარსულს ებრძვის.

ჟურნალისტი: ისევ „რუსთავი 2“-ის თემას მინდა დავუბრუნდეთ. „ნაცმოძრაობისა“ და მათთან გაერთიანებულმა სხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ მოძრაობების ლიდერებმა „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით თავისუფალი სიტყვის დაცვის გეგმები უკვე გაახმოვანეს. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება ქუჩაში დაწყებული პროცესები?

გია ხუხაშვილი: მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ „ნაცმოძრაობას“, როგორც ლიდერს ამ ბრძოლაში. რატომ? იმიტომ რომ, ფაქტობრივად დღეს „ნაცმოძრაობა“ თავის წარსულს ებრძვის. ის, რაზეც დღეს ”ნაცმოძრაობა” მედიასივრცესთან ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით აპელირებს, ეს მათი წარსულია. ის, რასაც დღეს დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს, სავარაუდოდ ის მოდელია, რასაც „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა.

ვგულისხმობ მედიის პროპაგანდის რეჟიმში ყოფნას, ყველა სხვა მედიასუბიექტების დამორჩილების რეჟიმში გადაყვანას, – ეს არის ის მოდელი, რაზეც იდგა მათივე მმართველობა. ვიმეორებ, დღეს „ნაციონალები“ ებრძვიან თავის წარსულს და საზოგადოებამ ეს იცის.

ამ თვალსაზრისით სიტყვის თავისუფლებისათვის საბრძოლველად „ნაცმოძრაობა“ დაზიანებული ბრენდია. შესაბამისად, რბილად რომ ვთქვათ, მათი მხრიდან ამგვარი ბრძოლის წარმოება არადამაჯერებელია. მით უმეტეს, რომ ისინი ამას აკეთებენ ისე რომ, სრულფასოვნად არც მოუნანიებიათ ის, რაც მათი მმართველობის დროს მედიას უკეთებდნენ. წარმოუდგენელი და აბსურდულიცაა ერთი ქურდი მეორეს ეძახდეს რომ შენ კრიმინალი ხარო. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ვიღაც მესამე არ გამოჩნდება და საზოგადოება მას არ აღიარებს ამ ბრძოლის ლიდერად. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას დაეწყება სოლიდური პრობლემები.

წყარო

banner
წინა სტატიაში„თაიმერი“ „რუსთავი 2“-ს მხარდაჭერას უცხადებს
შემდეგი სტატიასაქართველოს რესპუბლიკური პარტია განცხადებას ავრცელებს