პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებსა და დედაქალაქში არსებულ საკადრო პოლიტიკას აფასებს. ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავს პროპაგანდაში, რათა სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების დატბორვის ვიდეოებით გადაფაროს თბილისის პრობლემები.
მისივე განმარტებით, სანიაღვრე სისტემების გაჭედვა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და მერის მხრიდან ამის განსაკუთრებულ აღმოჩენად წარმოჩენა სამარცხვინოა.
„სინამდვილეში პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან საკადრო პოლიტიკა ეწყობა არა პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე, არამედ ნდობაზე, ლოიალობაზე და ნეპოტიზმზე. სისტემა, რომელიც ამ კრიტერიუმებით შედება, ბუნებრივია, ასეთ სისტემაში სულ იქნება პრობლემები. „ნიფნიფებით“ და „ნუფნუფებით“ არის სავსე ყველაფერი. კალაძის ფრთიანი ფრაზა იყო, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე აგებს პასუხს. ქალაქის მერი, რომელიც ასე მანკიერად აზროვნებს, ამით ყველაფერი ნათქვამია. როდესაც ქალაქის მერი, ასეთ ბანალურ რაღაცას ამბობს, სამარცხვინოა. რა თქმა უნდა, სანიაღვრეები თუ არის, ისიც იჭედება. აღმოჩნდა, რომ თურმე თვითონ არ იცოდა ეს, დაინტერესდა და გაარკვია – „ნიფნიფს“ და „ნუფნუფს“ ჰკითხა, შემდეგ გამოვიდა და ბრძნული სახით აბსოლუტურად ბანალური ჭეშმარიტება შემოგვასაღა, როგორც ბრძნული დიაგნოზი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
















