გია ხუხაშვილი – გვარამიას ანგელოზად არ ვთვლი, მაგრამ სისტემა დარჩა იგივე – წინა ხელისუფლება შეურაცხყოფაზე ცემდა, დღევანდელი – არ ცემს, მაგრამ იჭერს

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

წინა ხელისუფლება შეურაცხყოფაზე ცემდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ უფრო ჰუმანური გზა არჩია – არ ცემს, მაგრამ იჭერს, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი რადიო „პალიტრის“ გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენის თაობაზე გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას.

ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებას კერძო სექტორზე საუბარი შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც იქ გადასახადებია დამალული ან სხვა პრობლემები არსებობს.

„რა ტიპის გარიგებებიც არ უნდა იყოს ორ კერძო სუბიექტს შორის, თუ ლეგალიზებულია სამუშაო, ხელისუფლება ან ერთი კომპანიიდან ან მეორე კომპანიიდან თავის კუთვნილ შემოსავლებს მაინც იღებს ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ მიდგომა კერძო სუბიექტების მიმართ, ისე როგორც ბიუჯეტის ხარჯვასთან და შესაბამისი აუტიდის ჩატარება, სრული აბსურდია, ასეთი რაღაცები ბუნებაში არ ხდება. ხდება ერთადერთ შემთხვევაში, თუ კომპანიები არის ასე ვთქვათ, ურთიერთდამოკიდებული კომპანიები, მონათესავე კომპანიები და ეს მტკიცდება კონკრეტული მტკიცებულებებით. ამ შემთხვევაში შეიძლება ამ ტიპის ქმედებები ჩაატაროს ხელისუფლებამ, რომ საბაზრო ღირებულებებით დაუთვალოს კონტრაქტები. სხვა შემთხვევაში ამის ინსტრუმენტიც არ აქვს. ასე რომ, ჩემთვის ჯერჯერობით აბსოლუტურად ბუნდოვანი და გაუგებარია, რას ედავება პროკურატურა იმიტომ, რომ რაც ითქვა, რომ ზარალი მიაყენა და სამეწარმეო კოდექსიდან წესდების მუხლები რომ წაგვიკითხეს, ეს ძალიან სასაცილო მოსასმენი იყო.

ჩვენ მეტი ინფორმაცია გვჭირდება. მე რამდენადაც ვიცი, „ინტერ მედიასთან“ ბევრი ტელევიზია მუშაობდა და რა სხვაობებია მათ კონტრაქტებს შორის ეგ უნდა ვნახოთ. ისე არ აღმოჩნდეს, რომ „იმედთანაც“ იგივე პირობებია და იმედის დირექტორიც დასაჭერი გაგვიხდეს. მე რამდენადაც ვიცი, ეს კომპანია ყველა მაუწყებელთან თანამშრომლობს.

სხვა საკითხია რაც ხდება, საწარმოებიდან ბოლი ვერ ამოუშვეს, მაგრამ პროკურატურას ბოლი ამოუვიდა. ჩვენ შეიძლება საერთოდ ვისაუბროთ უკვე საქართველოს პროკურატურის რესპუბლიკაზე იმიტომ, რომ სხვა არაფერი მუშაობს, ერთადერთი პროკურატურა გააღვიძეს და ბრიფინგს ბრიფინგზე მართავს. ეს სიახლე არ არის საქართველოში, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ხდება რაღაც უცნაური მოძრაობები. კითხვის ნიშნები რჩება იმიტომ, რომ სანდოობა ამ ინსტიტუტის მიმართ არის ძალიან დაბალი ქვეყანაში. წინა ხელისუფლებას მენიუში ჰქონდა ცემა ხელისუფლების შეურაცხყოფაზე. ორპუნქტიანი მენიუა, ან ცემა, ან დაჭერა.

გვარამიას ანგელოზად ნამდვილად არ ვთვლი, ზუსტად ვიცი ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ხელისულებაში იყო, მაგრამ სისტემა არ იცვლება, სისტემა დარჩა იგივე – წინა ხელისუფლება შეურაცხყოფაზე ცემდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ უფრო ჰუმანური გზა აირჩია, არ ცემს, მაგრამ იჭერს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

banner
წინა სტატიაშირაღაცის მოპარვის ბრალდებაში, კორუფციის ბრალდებაში ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატია“მოვითხოვთ განმეორებითი კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას” – ოქრუაშვილის ადვოკატი