გია ხუხაშვილი – “გიორგი გახარია “ოცნებისთვის” უფრო საშიში გახდა, ვიდრე ოპოზიციისთვის”

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

შექმნის თუ არა ოქრუაშვილი მესამე ძალას, რა კომპრომატები აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, რატომ გადაემტერა “ოცნება” გახარიას, გაუფუჭებენ თუ არა მას ივანიშვილთან ურთიერთობას, რა უნდა ისწავლოს შს მინისტრმა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრება.
– თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გაზაფხულისთვის საინტერესო მოვლენებს აანონსებს. ისიც მესამე ძალის შექმნას ხომ არ აპირებს?
– ოქრუაშვილსა და მესამე ძალას შორის კავშირს მე ვერ ვხედავ. მისი განცხადება იმდენად ახალი ძალის შექმნას არ უკავშირდებოდა, რამდენადაც კომპრომატების სერიას.
– კომპრომატების გამოქვეყნება გამორიცხავს ვინმესთან გაერთიანებას და მასთან ერთად მესამე ძალის შექმნას?
– მოდით, ასე ვთქვათ, როდესაც მესამე ძალაზე ვსაუბრობთ, ის რაღაც ერთ პოლიტიკურ კომპონენტად არ უნდა წარმოვიდგინოთ. როდესაც მესამე ძალაზეა საუბარი, იქ მულტიპარტიულობა და ორპოლუსიანი სისტემიდან გამოსვლა იგულისხმება.
უკვე წლებია, რაც ჩვენ შულერულ თამაშს ვუყურებთ – ორი, ტრადიციული მტერ-მოყვარე შუას კრიფავს, შუას გაკრეფვით ქვეყანას ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთების წინაშე აყენებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, შანტაჟის ქვეშ ატარებს არჩევნებს. ამ პროცესის დასასრულებლად საჭიროა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების გაჩენა.
არ არის აუცილებელი ერთი მონოლითური ორგანიზაციის შექმნა, ასეთი ცენტრები რაც მეტი იქნება, მით უკეთესია ქვეყნისთვის. მთავარია, ეს ცენტრები იყვნენ კვალიფიციური და მინიმალური ბარიერი გადალახონ.
მესამე ძალის გაჩენა ქვეყანაში ობიექტური აუცილებლობაა, რათა ამ მანკიერ ორპოლუსიან სისტემას აღარ მივცეთ არსებობის საშუალება.
ამ მხრივ ჯერ-ჯერობით კარგი მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ რადგან პოლიტიკურ ბაზარზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, იმედი მაქვს, რომ მესამე ძალა აუცილებლად გამოჩნდება.
იმისთვის, რომ დასავლურ სტანდარტებზე გადავიდეთ და მესამე ცენტრები გამოჩნდეს, აუცილებელია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარდეს. რაც იძლევა იმის შანსს, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს მულტიპარტიული დემოკრატია. სახელმწიფო პოზიტიურ დღის წესრიგზე უნდა გადავიყვანოთ, ჩვენ კი ნეგატივის და სიძულვილის ტყვეობიდან უნდა გამოვიდეთ.
– ისევ ოქრუაშვილის გააქტიურებას დავუბრუნდები. მისგან მესამე ძალის შექმნას გამორიცხავთ, აბა რატომ დააანონსა კომპრომატების სერია, პირად უსაფრთხოებაზე ზრუნავს? როგორც თავად ამბობს, მას დაჭერას უპირებენ.
– არა მგონია, რომ ის პირადად მისთვის რაიმე საფრთხეს ხედავდეს. თავად საფრთხის თემა, ჩემი აზრით, თითიდან გამოწოვილია.
ირაკლი ოქრუაშვილის ტიპის ადამიანები, როგორც წესი, არ ჩერდებიან. იმისთვის, რომ პოლიტიკურ ბაზარზე მოთხოვნადები გახდნენ, სკანდალურ განცხადებებს და სკანდალურ ქმედებებს მიმართავენ. მშვიდი კომპეტენციით პოლიტიკურ ბაზარზე ასეთი ხალხი მოთხოვნადი ვერ გახდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოქრუაშვილი სკანდალით იპყრობს ყურადღებას. ეს მისი პოლიტიკური მოღვაწეობის სტილი გახლავთ. ის ახლა განსაკუთრებულად სკანდალური თემით ცდილობს ბაზარზე შემოსვლას.
– თქვენი აზრით, ის ამბები, რომელთა გაჟღერებასაც ყოფილი მაღალჩინოსანი აპირებს, მართლა ისეთი სკანდალური იქნება, როგორც თავად ამბობს?
– არაა გამორიცხული, მართლა ჰქონდეს სკანდალური ამბები, არც იმას გამოვრიცხავ, თავად მოიფიქროს რაიმე. ასეთ სიტუაციაში სადაა სიმართლე და სად – ნახევრადტყუილი, ძნელი გასარკვევი ხდება. ამ მხრივ ქვეყანაში საკმაოდ არეული სიტუაციაა.
დაველოდოთ, მოვისმინოთ და მერე შევაფასოთ, რამდენად სკანდალურ ინფორმაციებს ფლობს.
– მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გაკეთებული განცხადებები შევაფასოთ. პარლამენტში მისი გამოსვლისას ბევრს დარჩა შთაბეჭდილება, რომ მას “ქართული ოცნება” დაუპირისპირდა. ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დანაშაულის მატება ზოგჯერ შემაშფოთებელიც არის.
– მე ვფიქრობ, რომ პარლამენტში გამოსვლით გახარიამ მტრები გაიმრავლა. მან მტრები ოპოზიციაში კი არ გაიმრავლა, არამედ ხელისუფლების შიგნით. “ქართულ ოცნებაში” მან ძალიან ბევრი მტერი გაიჩინა.
– რატომ გაიჩინა მტრები ხელისუფლებაში?
– თავის გამოსვლაში გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ “ოცნების” საპარლამენტო ელიტა არანაირ პროფესიულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. ისინი ფაქტიურად პლინტუსს ქვემოთ არიან.
პატარა ადამიანების ცხოვრებაში ბოღმა და შური წამყვან როლს თამაშობს ხოლმე და ისინიც დაიბოღმნენ გახარიაზე.
თავად გახარიას გამოსვლაზე შემიძლია გითხრათ, რომ ამან ჩემში წინააღმდეგობრივი ემოციები გააჩინა.
ერთის მხრივ კარგია, რომ ის კვალიფიციურად და საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება, რითიც პოლიტიკურ ოპონენტებს გადაჭარბებული პოლიტიკური სპეკულაციების საშუალებას არ აძლევს. ეს მისი პლიუსია და ტაქტიკური თვალსაზრისით მას პოლიტიკურ წონას და ფასს მატებს. მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რომელიც მაშფოთებს.
ეს ნიუანსი გახლავთ ის, რომ ის ზედმეტად გადაიხარა პოლიტიკისკენ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის დამახასიათებელი არ უნდა იყოს. ის თუ თავისი ინსტიტუციური ვალდებულებების კალაპოტში დაბრუნდება და პოლიტიკურ კინკლაობას ძალიან არ შეყვება, კარგი იქნება.
გახარიას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ის არის არა მხოლოდ “ქართული ოცნების” მინისტრი, არამედ ქვეყნის მინისტრი. მათ შორის იმ ადამიანების მინისტრიცაა, ვინც არჩევნებზე ნაციონალებს მისცა ხმა.
გასაგებია, რომ ის თავისი საუბრით “ოცნების” მხარდამჭერებს გულს ფხანს, მაგრამ მისი რიტორიკა ოპონენტების მიმართაც უნდა იყოს მიმართული და მათაც უნდა აძლევდეს გარანტიებს.
ამ მიმართულებით მან ცოტა დააკლო და პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად მოიქცა. თუმცა ეს არ არის კრიტიკული. მას დიდი ხანია ვაკვირდები და იმედი მაქვს, რომ ის კრიტიკის მოსმენას შეძლებს. შესაბამისად, მოახდენს საკუთარი საქციელის კორექტირებას.
ჩემი რჩევა ასეთი იქნებოდა – გახარია წითელ ხაზებს ძალიან მიუახლოვდა და კარგი იქნება, თუ ამ წითელ ხაზებს არ გადაკვეთს.
– აღნიშნეთ, რომ პარლამენტში გამოსვლით შს მინისტრმა “ოცნებაში” გაიმრავლა მტრები. ეს მტრები მის წინააღმდეგ ინტრიგებს ხომ არ დაიწყებენ?
– დარწმუნებული ვარ, “ოცნებაში” გახარიას წინააღმდეგ ინტრიგების დახლართვა უკვე დაწყებულია.
– პარლამენტში ამ დღეებში გამოვიდა სიტყვით. გამოდის, რომ მის წინააღმდეგ ამ გამოსვლამდე ადრე დაიწყო ინტრიგების ხლართვა.
– “ოცნებაში” შს მინისტრის პარლამენტში გამოსვლამდე დაიწყო ინტრიგების ხლართვა. მმართველ გუნდში არის სხვადასხვა პატარა დაჯგუფებები. ისინი საკუთარ ჭიას ახარებენ.
– ჭიის გახარებაში უშლით მათ ხელს გახარია?
– ასე გამოდის. ამ დაჯგუფებებს სამომავლოდ რაღაც გეგმები აქვთ. გახარია მათთვის სერიოზული პრობლემაა. შს მინისტრი “ოცნების” დაჯგუფებებისთვის უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ოპოზიციისთვის.
გამომდინარე იქედან, რომ ეს ადამიანი არცერთ ამ დაჯგუფებას არ მიეკუთვნება, ამ აქტივის გამოყენება ადვილი არ არის. გარდა მაგისა, გახარია, როგორც სამართალდამცავი სისტემის ხელმძღვანელი, მათი ინტერესებისთვის წარმოადგენს საფრთხეს.
– რა ინტერესებზე საუბრობთ?
– საუბარია როგორც პოლიტიკურ, ასევე კორუფციულ ინტერესებზე. ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი ასეთი სისტემებისთვის ყოველთვის დიდი ხიფათია. აქედან გამომდინარე “ოცნებაში” არსებული დაჯგუფებები შეეცდებიან, მას ან რაღაც მოუწყონ, ან დაელოდონ, ფეხი როდის გადაუბრუნდება, რომ წიხლი ჩააზილონ.
ასე რომ, მის მიმართ “ოცნებაში” განწყობა ძალიან დაძაბულია და მას ამის გათვალისწინებაც მოუწევს.
– გაითვალისწინებს?
– უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ ვნახეთ, რომ შეტევაში ის საკმაოდ დამაჯერებელია. ახლა უნდა ვნახოთ, როგორ მოახერხებს დაცვაში თამაშს.
– დაცვაში მას მარტო მოუწევს თამაში, როგორც თქვით, მას “ოცნებაში” თავისი გუნდი არ ჰყავს. შეძლებს მარტო თავის დაცვას?
– ის, რომ მას “ოცნებაში” გუნდი არ ჰყავს, ერთგვარი პლიუსია. კარგია, არცერთი კლანის წარმომადგენელი რომ არ არის. მეორეს მხრივ, ეს მინუსიც არის, რადგან მას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზურგი აქვს.
– ზურგს თუ ბიძინა ივანიშვილი გიმაგრებს, ეს პატარა საქმე არ არის.
– ეს პატარა ამბავი არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მმართველის კარზე ჯგუფური ინტრიგებით შედეგის მიღწევა ყოველთვის შეიძლება.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალურმა მდივანმა ადამიანებს გაერთიანებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიააშშ-ში კიბერშეტევის გამო რამდენიმე გაზეთი დაგვიანებით დაიბეჭდა