გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილის ნებისმიერი სამშვიდობო განცხადება, „ნიანგის ცრემლებს“ ემსგავსება

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი განაცხადი უკვე იმდენად კატასტროფული იყო, რომ ამის შემდეგ მისი ნებისმიერი სამშვიდობო განცხადება, „ნიანგის ცრემლებს“ ემსგავსება. უბრალოდ, ნდობა ამ განცხადებების მიმართ არის “პლინტუსს” ქვემოთ, ნულოვანი,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის მიხედვით ის პოლიტიკურ პარტიებს დიალოგის გამართვისკენ მოუწოდებს.

ხუხაშვილის თქმით, ღარიბაშვილს შეუძლია თავისი კეთილი ნება გამოხატოს ქმედებებით, რაც ნებისმიერი მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯის გადადგმას გულისხმობს.

„მას შეუძლია არა განცხადებები, არამედ პირდაპირ ქმედებებით აჩვენოს თავისი კეთილი ნება, თუ შეცდომა დაუშვა და თუ თავზე ნაცრის დაყრა უნდა, დაიყაროს ეს ნაცარი, რაღა განცხადებებს აკეთებს. იმ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან შეასრულა დიქტატორის პაროდია. ბუნებრივია, რეალურად, ღარიბაშვილზე როგორც დიქტატორზე საუბარი არასერიოზულია, მაგრამ პაროდიული როლი ითამაშა, აბსოლუტურად აფექტური. ყველა იმ ადამიანს, ვინც არ იზიარებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკას კრიმინალები და რადიკალები უწოდა, ასეთი რამ წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამოსყიდვა რითაც შეუძლია, ეს არის ქმედებები. დღეს ერთ განცხადებას გააკეთებს, ხვალ – მეორეს, მერე ისევ ნერვები აეშლება, მარცხენა ფეხზე ადგება და ისევ არეულად ილაპარაკებს, ასე არ გამოვა, რადგან სახელმწიფო ასე არ იმართება. კი, ბატონო, ეს შეიძლება ვიღაცამ სახლში აკეთოს და არ იყოს პრობლემა, მაგრამ ამგვარად სახელმწიფო ინტერესები ზიანდება საბოლოო ჯამში. ასე, რომ ის წარმოუდგენელი საქციელი, რაც იმ დღეს ჩაიდინა, მოინანია? კი ბატონო, გვაჩვენოს ქმედებებით, რომ ინანიებს. ქმედებებში ნებისმიერ რაღაცას ვგულისხმობ. ანუ ნებისმიერი მიმართულებით გადადგას რაღაც რეალური ნაბიჯი. ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი არ არის, ამიტომ, გვაჩვენოს რაიმე ქმედებები. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა იმის გამო, რომ არ მიყვა იმ რადიკალურ სცენარს, რაც ქვეყნისთვის საზიანო იქნებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა იმ მიზნით, რომ გაეკეთებინა ის, რაც არ გააკეთა გახარიამ. მან ეს სისულელე მეორე დღესვე ჩაიდინა და ახლა, რაც არ უნდა ლამაზი სიტყვებით ფუთოს, რა აზრი აქვს ამას?! აბსოლუტურად არანაირი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური პარტიების მისამართით განცხადება გუშინ გააკეთა.

„დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაია – სამართალდამცავებმა “ენმ”-ს ოფისში წიწაკის სპრეი კანონის დარღვევით გამოიყენეს
შემდეგი სტატიანიკა მელიას ადვოკატები – ნიკა მელია პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს