გია ხუხაშვილი – გახარიას დღესაც აქვს პოლიტიკური კაპიტალი ძლიერი ცენტრის ჩამოსაყალიბებლად

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

გია ხუხაშვილი – გახარია ძლიერი პოლიტიკური ცენტრი გახდებოდა

პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური გახდა ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია ევროპისგან ელოდება დასტურს იმისათვის, რომ საკუთარი გუნდით აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთოს.

რა შანსები ექნება ყოფილ პრემიერს, აქვს თუ არა საკამარისი პოლიტიკური კაპიტალი და პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში რა გამოწვევასთან მოუწევს გამკლავება.

აღნიშნულ თემაზე, „თაიმერი” პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

ბატონო გია, გავრცელებული ინფორმაციით ევროპიდან ელოდება თანხმობას გახარია, რის შემდეგაც მას საკუთარი გუნდით ვიხილავთ პოლიტიკაში. დღევანდელი მოცემულობით, რამდენად მაღალია გახარიას პოლიტიკაში ჩართვის ალბათობა?

ეს ყველა შემთხვევაში მისი გადასაწყვეტია. მე არ მგონია, რომ ის ამ თემასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული იყოს. ჩემი სკეპტიციზმი იმას უკავშირდება, რომ გახარია არ გახლავთ პროფიესიით პოლიტიკოსი. მიუხედავად იმისა, რომ მან გამოავლინა ძალიან საინტერესო თვისებები ამ პროცესში, ის არ არის პროფესიონალი პოლიტიკოსი. მისთვის პოლიტიკა არ ყოფილა ცხოვრების საქმე. გახარია, რომ ყოფილიყო ე.წ „პოლიტიკური ცხოველი“ სხვანაირად იმოქმედებდა და ვიქნებოდით ბევრად უკეთეს, დინამიურ რეალობაში.

კონკრეტულად, რა უნდა გაეკეთებინა?

ნიკა მელიას დაჭერის სპეცოპერაცია ჩატარდებოდა თუ არა, ინსტიტუციურად ეს გახარიას გადასაწყვეტი იყო და არა პოლიტბიუროსი. პოლიტბიური არც ერთ ქვეყანაში,  ინსტიტუციურად არაფერს წყვეტს. მხოლოდ საბჭოთა კავშირში წყვეტდა პოლიტბიურო აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხებს. თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში ასე არ ხდება. თუ გახარია პოლიტიკურად იმოქმემდებდა, მას უნდა აეკრძალა სპეცოპერაციის ჩატარება. გომელაური თუ არ დაემორჩილებოდა უნდა გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან და მის ადგილას დაენიშნა მოვალეობის შემსრულებებლი, გახარიას ამის კანონით მინიჭებული უფლება ჰქონდა. ასევე, მას საზოგადოებისთვის უნდა  აეხსნა თავისი პოზიცია რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებებს.  იმ შემთხვევაში თუ სხვა მინისტრებიც არ დაემორჩილებოდნენ, რის ინიცირებაც შეეძლო იმ „ბრძენ“ კაცს , ამ შემთხვევაში მისი გადაყენება მარტივად ვერ მოხდებოდა, პარლამენტის გავლით უნდა მომხდარიყო. ეს ორთაბრძოლა, რომც წაეგო გახარიას და ის, რომც გადაეყენებინათ დღეს ჩვენ სულ სხვა რეალობაში ვიქნებოდით და მისი პოლიტიკური წონაც იქნებოდა ბევრად უფრო დიდი და სასტარტო პირობები უკეთესი ექნებოდა.

გახარიამ გადადგომით და არა იმ გზის არჩევით, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ფიქრობთ თუ არა, რომ პოლიტიკური კაპიტალის თვალსაზრისით შეცდომა დაუშვა?

ეს ნიშნავს, რომმ ის დაემორჩილა ამ ინსტიტციურ მანკიერებას, რასაც პოლიტბიუროს გადაწყვეტილება ჰქვია.  როდესაც ადამიანი ემორჩილება ასეთ არაფორმალურ სისტემას, ეს მინიმუმ ძალიან სერიოზული შეცდომაა, მე არ ვიტყვი, რომ ეს ფატალური იყო. მას დღესაც აქვს საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი, იმისათვის, რომ საკმაოდ ძლიერი ცენტრი ჩამოაყალიბოს, მაგრამ მისი ჭეშმარიტების წამი იყო მაშინ. მას, რომ ეს გამოეყენებინა დღეს შეიძლებოდა, „ქართული ოცნება“ იმ სახით, როგორიც დღეს გვაქვს აღარ ყოფილიყო. ასევე, შესაძლოა პოლიტიკური კრიზისის გადალახვის გზაზეც ბევრად უფრო წინ ვყოფილიყავით.გახარიამ ეს ვერ გაბედა, ადამიანურად მე მესმის ამის, მაგრამ ასეა პოლიტიკაში დგება მომენტი, რასაც ჭეშმარიტების წამი ჰქვია, როდესაც სწორი სვლა უზრუნველყოფს სწორ მომავალს. ასეთი შანსები ძალიან იშვიათად ეძლევა ადამიანს.

ეს შანსი არ გამოიყენა იმიტომ, რომ საკუთარ თავს პოლიტიკაში აღარ მოიაზრებს თუ უბრალოდ ვერ დაიჭირა ჭეშმარიტების წამი?

ამას აჩვენებს მომავალი. სიმართლე გითხრათ არ მგონია, რომ თვითონაც ბოლომდე ჰქონდეს ამ კითხვაზე პასუხი. ის მაინც იყო იმ კონიუქტურის ტყვეობაში, რასაც არაინსტიტუციური, ჩრდილოვანი მმართველობა. გარკვეული ადამიანური ვალდებულებები ჰქონდა, მაგრამ როცა ქვეყანას სჭირდება ამ ვალდებულებებისგან უნდა გათავისუფლდე. შეიძლება, ვიღაცას წამოეძახებინა, რომ ბიძინასთან ასე რატომ მოიქცა, მაგრამ დიდი ბოდიში საქართველო ბიძინაზე ბევრად დიდია. წამოძახება, რომ შენ სახელმწიფოს სახელით მოქმედებ და ამით ბიძინას უღალატე, – ეს ბრიყვების წამოძახებაა, რომელსაც არ ესმით, რეალურად რას ნიშნავს საქართველო.

მას შემდეგ, რაც გახარია გადადგა მის სელფს თანამშრომლებთან ერთად რეკორდული „ლაიქები“ ჰქონდა, რაც განხილვის თემა იყო. მეტიც, ამბობდნენ, რომ  პოლიტიკაში მოსვლის შემთვევაში, რეალური მესამე ძალა იქნებოდა. რა პოლიტიკური  პერსპექტივა ექნება გახარიას საკუთარი გუნნდით?

ძალიან ოპტიმისტიც არ ვიქნებოდი, მაგრამ ის, რომ გახარია ამ ორი ძირითადი პოლუსისგან გვერდზე მყოფი, მნიშნვნელოვანი ალტერნატიული ცენტრი გახდებოდა, – ამაში დარწმუნებული ვარ. თუ გახარია ამ განაცხადს გააკეთებს ის ორმხრივი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდება, შესაბამისად ამას დასჭირდება ძალიან სერიოზული მომზადება. რაღაც პერიოდი მას მოუწევს ამის გაძლება, რადგან „ნაცები“ იტყვიან, რომ ეს არის ბიძინას პროქტი, „ქოცები“ იტყვიან – მიშას შეეკრაო. ეს რთული პერიოდი იქნება და ამას თუ გაუძლო ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სერიოზული, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი.

ავტორი: ნენე ინჯგია

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიბოკერია: დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და ქვეყნის მომავლისთვის ეს საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას
შემდეგი სტატიაირაკლი ბენდელიანი: სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართულად ხდება