გია ხარჩილავა: ნურავინ ნუ შეეცდება წალენჯიხელების უკან გარიგებაზე წასვლას, მე ვდგავარ აქ ხალხის მიერ არჩეული მერი, რომელიც ვარ საჯაროობის გარანტი

გია ხარჩილავა: „ოპოზიციამ ხელისუფლების ძალადობას საჯაროობა უნდა დაუპირისპიროს“

„წალენჯიხის საკრებულო უნდა აეწყოს ოპოზიციურ ღერძზე“

30 დეკემბერს პარტია „საქართველოსთვის“ წევრს მალხაზ თორიას მამის საფლავზე დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. ნაცემია მისი არასრულწლოვანი შვილიც. თავდამსხმელები თორიას ეუბნებოდნენ, იმიტომ გცემთ არასწორი გზა აირჩიე, ოპოზიციაში გადახვედიო.

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა აცხადებს, რომ თორიაზე თავდასხმის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, თუ როგორი ფორმით ახორციელებს ხელისუფლება ზეწოლას ოპონენტებზე. ცნობისათვის, მალხაზ თორია ზუგდიდის საკრებულოს წევრია. ზუგდიდის საკრებულოს ჯერ თავმჯდომარე არ აურჩევია.

„თაიმერთან“ საუბარში გია ხარჩილავა ოპოზიციონერებს სთავაზობს ფორმულას, თუ როგორ შეიძლება თავი დაიცვან.

გია ხარჩილავა:

– ჩხოროწყუს საკრებულოს მაგალითზე ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ამბის მომსწრენი გავხდით. ჩვენ ვნახეთ, რომ შესაძლებელია ოპოზიცია გაერთიანდეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ხელისუფლება არჩევნების წინაც და შემდეგაც მიმართავდა ძალადობას. ის ცდილობდა შედეგები გაეყალბებინა და წაგება გამარჯვებად გადაექცია. სასურველი მიზნის მისაღწევად ყველა მეთოდს იყენებდა.

გაყალბების მიუხედავად „ქართული ოცნება“ რამდენიმე მუნიციპალიტეტში დამარცხდა. მათ საკრებულოებში არ ჰყავთ უმრავლესობა და ადგილზე ვერ ფლობენ სიტუაციას.  ცენტრალური ხელისუფლება ძალადობით ცდილობს მოკავშირეების მოპოვებას. ჩხოროწყუს მაგალითმა დაადასტურა, რომ ოპოზიცია „ოცნების“ ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდა.

– ჩოროწყუსგან განსხვავებით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ვერ მოხერხდა თავმჯდომარის არჩევა. მათ რიგებშია წალენჯიხაც.

– ამ მუნიციპალიტეტებში ოთხჯერ ჩაიშალა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება. ამას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფინალი, გადაწყვეტილების მიღებამდე მივდივართ. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავდით და ვგრძნობდით, რომ ოპოზიციონერებზე კულისებში ზეწოლა ხორციელდებოდა. ზეწოლა ძირითადად გიორგი გახარიას პარტიის წევრებზე მიდიოდა.

– მარტო მათზე რატომ?

– იმიტომ მიდიოდა პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე ზეწოლა, რომ „ოცნება“ ნაციონალურ მოძრაობაში მოკავშირეებს ვერ პოულობს. წალენჯიხის შემთხვევაში მოკავშირე ვერც „ლელოში“ გამონახეს. გადამწყვეტი სიტყვა გახარიას პარტიის წევრებს ეკუთვნის. აქამდე თუ კულისებში მიდიოდა ზეწოლა, ახლა ეს გამოვიდა პოლიტიკურ სცენაზე. ჩვენ ეს ნაწილი ვნახეთ საჯაროდ.  ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი აამოქმედა ამ პარტიის საწინააღმდეგოდ.

წალენჯიხაში მაგალითად გახარიას პარტიის წევრებმა კანდიდატურები მოხსნეს, ხოლო არჩევნებს წაართვეს გახარიას კანდიდატი. ერთმა დატოვა პარტია და გადავიდა „ოცნების“ მხარეს.

ზეწოლის პროცესი ახლა გამძაფრებულია. არ ეპუებიან ძალაუფლების დაკარგვას. ახლავე ავხსნი თუ რატომ იქცევიან ასე. უნდათ რომ მთელს ქვეყანაში მიიტაცონ ძალაუფლება. ეს გააკეთეს შარშან პარლამენტის დონეზე. მიიტაცეს სასამართლო. რომელიც მუდმივად უზურპაციის გზაზე დგას. სასამართლოების ხელით ხდება პოლიტიკურ ლიდერებზე ზეწოლა და მათი მძევლად აყვანა. ვერტიკალზე დარჩენილია მხოლოდ თვითმმართველობა, ისიც 5 მუნიციპალიტეტში და ახლა „ოცნება“ ცდილობს სრულ უზურპაციას.

ხელისუფლებისთვის პრიციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არსად არ დარჩეს თავისუფალი ადამიანი, თავისუფალი ნება და არ უნდათ რომ სადმე იყოს თავისუფლების კუნძული.

მალხაზ თორიაზე თავდასხმა იყო ამის კულმინაცია. ადამიანი არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა მამის საფლავზე. მას დაესხნენ თავს, სასტიკად სცემეს და მის მანქანას საბურავები დაუჭრეს. „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ გასული საუკუნის 90-იან წლებში მივყავართ. იყენებენ კრემლის და პუტინის მეთოდებს. „ქართული ოცნება“ პუტინზე მეტი პუტინი გახდა.  კოკის სასაფლაოზე რაც მოხდა, ამით საკუთარ თავს აჯობეს.

-იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ხელისუფლება საკრებულოების უზურპაციას ვერ ახერხებს, რა მოხდება? მალხაზ თორიას მაგალითზე ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავა.

– „ქართული ოცნება“ იკადრებს ყველაფერს, მაგრამ უნდა იცოდნენ რომ ყველა ხელისუფლება არის წარმავალი. ძალაუფლების გადაბარების პროცესი არის ბუნებრივი რამ, დემოკრატიული პროცესის დაწყება არის გარდაუვალი. მუდმივობაში რჩება ადამიანების გადადგმული ნაბიჯები თუნდაც იმპერიის და თუნდაც ზეწოლის წინააღმდეგ. ამიტომ ყველას მოვუწოდებ საჯაროობისკენ. რეჟიმის პირველი მოგერიება გახლავთ საჯაროობა და მედია.

-ფიქრობთ რომ მათ ხელისუფლება უნდა ამხილონ და თქვან რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება?

– რა თქმა უნდა. მხილება აუცილებელია. სისტემა ყოველთვის მარცხდება ადამიანთან. ოღონდ ეს ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი. ეს ადამიანი არ უნდა იყოს მოწყვლადი. მას არ უნდა ჰქონდეს სამართალდამცავებთან ძველი პრობლემები და იყოს შინაგანი თავისუფალი. ეს ღირსება ამომრჩეველს არ გამოეპარება. პოლიტიკურ ველზე შემოსულ ადამიანებს ვურჩევ, დარჩნენ ღირსეულ ადამიანებად. ყველაფერი გააკეთონ რომ სისტემამ ყველაზე ძვირფასი, სახელი და ღირსება არ წაართვას.

თავდაცვის ყველაზე ადეკვატური ნაბიჯი გახლავთ საჯაროობა, მედიასივრცეში ამ პრობლემის გატანა. ამ შემთხვევაში ადამიანი რჩება გამარჯვებული სისტემასთან. ეს რომ ასეა ეს არჩევნებზე წალენჯიხამ დაადასტურა.

მინდა გავაკეთო ერთი განცხადება, ნურავინ ნუ შეეცდება წალენჯიხელების უკან გარიგებაზე წასვლას. მე ვდგავარ აქ ხალხის მიერ არჩეული მერი, რომელიც ვარ საჯაროობის გარანტი. არცერთ შემთხვევაში სისტემას არ დავუთმობ ადამიანების ნების ზურგს უკან სპეკულაციას. ამ ბალანსს წალენჯიხის საკრებულოში ვერავინ შეიტანს.

– რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიასა და „ოცნებას“ შორის რაღაც მოლაპარაკებებს აქვს ადგილი.

– წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიამ წარმოადგინა ფორმულა, რომელიც გახლავთ „ოცნების“ ოცნება. ეს ფორმულა რეალობაში არ გატარდება! რეალობაში გატარდება ამომრჩევლის ნება. ამომრჩევლის ნება უნდა შევიდეს წალენჯიხის საკრებულოში. საკრებულო უნდა აიგოს ოპოზიციურ ღერძზე. სხვა ყველა შედეგი იქნება იმ მეთოდების შედეგი, რასაც ხელისულება ახორციელებს.

ისედაც „ოცნების“ ბიუჯეტი გადმოგვყვა. „ოცნების“ ტემპებით მივდივართ. წალენჯიხა დაპაუზებულია. ამისთვის წალენჯიხის მოსახლეობას ხმა არ მიუცია. „ოცნება“ ცდილობს გახარია ჩაითრიოს წარსულის სპირალში. მოვუწოდებ მათ რომ მომავლისკენ იყურონ. წალენჯიხის მეგობართა კლუბი უამრავ პროექტებს გვთავაზობს. ყველა მოლოდინის რეჟიმშია. ფეხდაფეხ ვიაროთ განვითარებასთან ერთად. ჩენ ვიმყოფებით 1/12-ში. ეს არ გახლავთ უმტკივნეულო. ეს არის რაიონის დაპაუზება.

წალენჯიხის და ჯვარის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურებს წინმსწრებად ჰქონდათ დახარჯული თანხები. ახლა წალენჯიხა და ჯვარი ჩაბნელების საშიშროების წინაშეა  ეს არ უნდა დავუშვათ. მოვუწოდებ გახარიას პარტიას. უარი თქვას პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და აღასრულოს ხალხის ნება. ხალხის ნება კი ასეთია –  წალენჯიხის საკრებულო უნდა აეწყოს ოპოზიციურ ღერძზე.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიკულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის ისტორიული შენობა შეიძინა
შემდეგი სტატიაილია მეორე: სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ (video)