ტოტალიტარიზმის ლოგიკაა, როგორც ჩანს. როცა სახელმწიფოს სრული მიტაცება დასრულებულია, ან შეიძლება ეს ძალაუფლების კონსოლიდაციის ნაწილია, იწყება პარტიული წმენდა,- აცხადებს პოლიტიკოსი გია ჯაფარიძე.
მისი თქმით, სტალინმა, ჰიტლერმა დაახლოებით დროის იმავე მონაკვეთში ჩაატარეს შიდა წმენდები. უახლოესი გარემოცვა მოიშორა ივანიშვილმა, არ გაჩერდება და სხვებსაც დაატუსაღებს.
,,მტრის ხატი, უცხოური ძალების ჯაშუშები – ესეც ტოტალიტარული სისტემის ნაწილია. ჯაშუშობის ბრალდებით დახოცეს ქართველი ინტელექტუალები და ხელოვანი ხალხი წარსულში. ახლა ტყვიას იშვიათად ისვრიან, თორემ პოეტი, არტისტი და მეცნიერი ბევრი აწამეს და ზის ციხეში. გამოგონილ ჯაშუშებზე ნადირობა არ დასრულებულა სსრკ-ს დაშლამდე. უძილაური პირველი მერცხალია, ჯაშუშების ნაწილს ახლა იწყებს, “დანოსები” დაიწერება უფრო თანამედროვე ფორმით, პროპაგანდამ მოამზადა ნოყიერი ნიადაგი დაბალი პოლიტიკური განათლების ტვინებში – ყველაფერს დაიჯერებენ.
დაყოფილი საზოგადოება, უნდობლობა, დამახინჯებული სინამდვილე, ბუნდოვანება არის რეჟიმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი. ვერ იზამს? რას ვერ იზამს, ძველი ბიჭები გახადა მილიციის პარტნიორები და “ბოზობა” გახადა ქურდული ტიპმა და ამას ვერ იზამს? ღმერთის სახელით ცემენ და აწამებენ ხალხს, და ამას ვერ იზამს? დუმილი მათი მოკავშირეა. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა ლამაზი და შემყვანი ლოზუნგია, მაგრამ რეჟიმს ეგ არ აშინებს. დილის ფიქრებია, ღამით დაგროვილი,- წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.















