გია გვიჩიანი შეიძლება, პრეზიდენტმა შეიწყალოს

gvicianiiiiრისი ეშინიათ „ნაციონალებს“

საარჩევნო კამპანია თანდათან ცხელ ფაზაში შედის, რაც იმის მაუწყებელია, რომ პარტიებს „თავის ტკივილი“ გაუმძაფრდებათ. ამ მხრივ კი, როგორც „თაიმერს“ ეუბნებიან, ყველაზე დიდი სანერვიულო ყოფილ მმართველ გუნდს აქვს.

„ადრე უკვე გითხარით, რომ „ნაციონალები“ გოგა ხაინდრავას ფილმ  „9+1“-ისს ეკრანებზე გამოსვლას, ცოტა არ იყოს, შიშით ელოდებიან, რადგან შეიძლება, ამ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ცალკეული დეტალები იციან, მაგრამ სრულად არ ფლობენ ინფორმაციას, ფილმში ლაპარაკი კონკრეტულად რა ფაქეტებზე იქნება. ისე, როგორც მე გავიგე, ამ ფილმის ერთ-ერთი სერია სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას საქმეს ეძღვნება. მაისაიას ქეისი, ერთი შეხედვით, ცნობილია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, „9+1“-ში ექსპერტი, რომელიც „ნაცებმა“ ჯაშუშობის ბრალდებით დაიჭირეს ისეთ დეტალებს ყვება, რომლის შესახებაც აქამდე არსად არაფერი უთქვამს,“ – უთხრა „თაიმერს“ წყარომ, რომლის განმარტებითაც, ხაინდრავას ფილმი ეკრანებზე, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გამოვა და მისი ჩვენების ექსკლუზიური უფლება, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტელეკომპანია GDS-ს ექნება, თუმცა ის მოსაზრებაც არსებობს, რომ შესაძლოა, ფილმის საერთო-სახალხო ჩვენებებიც მოეწყოს.

ამას გარდა, ხელისუფლებამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ იერიში, როგორც ამბობენ, შეიძლება, სხვა კუთხითაც მიიტანოს. მაგალითად, „თაიმერმა“ კონფიდენციალურად მოიპოვა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ არჩევნებამდე საპყრობილეს, დიდი ალბათობით, გია გვიჩიანი დატოვებს. მას, სავარაუდოდ, პრეზიდენტი შეიწყალებს.

„თუ პრეზიდენტმა შეიწყალა, ეს იმის თქმის საშუალებას არ მოგცემს, რომ გვიჩიანმა დანაშაული აღიარა. მოგეხსენებათ, ამდენი წლის განმავლობაში, ის წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. უფრო მეტიც, როგორც მე ვიცი, მისი ციხეში გამოკეტვა სწორედ „ნაციონალების“ ინტერესში იყო და საპყრობილიდან გამოსული გვიჩიანი, ალბათ, ბევრ რამეს მოყვება,“ – გამოთქვამს თავის ვარაუდს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

ცნობისთვის: გია გვიჩიანი „თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. ეს მკვლელობა ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“ მოხდა და, როგორც თავის დროზე არაოფიციალურად ითქვა, ამ მკვლელობას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა, ანუ „თელასში“, რომელსაც მაშინ ე. წ. „რეფორმატორები“ აკონტროლებდნენ, სერიოზული ფინანსური მაქინაციები ხდებოდა, რის შესახებაც ლომინაძემ შეიტყო და ამ ყველაფერისგან გამიჯვნა გადაწყვიტა.

ასევე, ითქვა ისიც, რომ გვიჩიანი ჟვანიას გუნდის წევრი იყო. მომავალ „ნაციონალებს“ კი უნდოდათ, რომ „თელასი“, სადაც, თურმე, დიდი ფული კეთდებოდა, თავიდან ბოლომდე ეკონტროლებინათ. შესაბამისად, ერთი გასროლით, როგორც იტყვიან, ორი კურდღელი მოკლეს, ანუ გვიჩიანის ციხეში გაშვებით ჟვანიას გზა გადაუკეტეს, რომ „თელასის“ ამბებზე საქმის კურსში ყოფილიყო და ამასთან, ლომინაძეც სამუდამოდ გაჩუმეს.

სხვათა შორის, ამ ვერსიებს ისიც ამყარებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 2007 წლამდე მიხეილ სააკაშვილის, ესე იგი, „ნაციონალური“ ხელისუფლების მთავარ დასაყრდენად ითვლებოდა, თავის დროზე „თელასის“ იურისტი იყო.

რას მოყვება ციხიდან გამოსული გვიჩიანი? – ალბათ, ბევრ საინტერესო რამეს იტყვის, მაგრამ როგორც „თაიმერის“ წყარო ამბობს, „ნაცინალური“ მოძრაობის წევრები შეეცდებიან, გვიჩიანის წინაღმდეგ „შავი პიარი“ ახალი ენერგიით დაიწყო და „ოცნება“, მათ შორის, პრეზიდენტიც „კრიმინალების“ მფარველობაში დაადანაშაულონ, მაგრამ წყარო ამბობს, რომ ეს ხრიკები აღარ გაჭრის იმიტომ, რომ მარგველაშვილი „ოცნებისგან“ მკვეთრად გამიჯნულია და ამას ისიც მეტყველებს, რომ პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-თან ბოლო ინტერვიუში იგივე ვანო მერაბიშვილის საქმეზე დადებით კონტექსტში ისაუბრა.

„კიდევ ერთი რამის თქმა მინდა: მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ იმერეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, „ნაციონალები“ ერთიანად დაირაზმნენ და შს ყოფილი მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის „გაშავება“ დაიწყეს. ზოგიერთმა „ნაციონალმა“ ისიც გაიხსენა, აი, ნარჩემაშვილმა თავის დროზე პანკისში კარგი შოუ დადგაო. ნარჩემაშვილი ის ადამიანია, რომელმაც დეტალურად იცის, „ვარდების რევოლუცია“ როგორ მოხდა და „ნაციონალები“ პარლამენტში როგორ შევიდნენ, ანუ საქმეს თუ დასჭირდა, გვიჩიანისა არ იყოს, ნარჩემაშვილსაც შეუძლია, ბევრი ისეთი რამე მოყვეს, რაც აქამდე არ უთქვამს. საარჩევნო კამპანიის დროს კი ეს „ნაციონალებისთვის“, რაღა თქმა უნდა, წამგებიანია. ასე რომ, პირადად ჩემთვის, გასაგებია, ნარჩემაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება ბევრს რატომ არ სიამოვნებს. არ მინდა, ისე გამიგოთ, რომ მას ვიცავ, მაგრამ კობა იგივე რევოლუციის დროს და შემდეგაც, როცა შევარდნაძის მეუღლის გასვენებაში მივიდა, ღირსეულად მოიქცა,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო და დასძენს, რომ შევარდნაძის მთავრობაში მუშაობა არ შეიძლება, კომპრომატი იყოს, რადგან ადამიანები ცხორებას ახლა არ იწყებენ და სხვადასხვა დროს ზოგი სად მუშაობდა და ზოგი – სად.

„ბოლოს და ბოლოს, სააკაშვილიც შევარდნაძის მინისტრი იყო და თუნდაც მიხეილ მაჭავარიანიც, მაგრამ როცა ამას ახსენებენ, „ნაციონალები“ ძალიან ბრაზდებიან. არადა, ვაკის არჩევნების დროს, თუ გახსოვთ, ცხონებულმა შევარდნაძემ სააკაშვილზე ვაკელებს პირდაპირ უთხრა, აი, ეს არის თქვენი მომავალი დეპუტატიო,“ – იხსენებს ძველ ამბებს „თაიმერის“ წყარო.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა ევროკავშირში წარმომადგენელზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაბურჭულაძის პარტიიდან ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი კოტე კემულარია იქნება