გია ჭანტურიას მკვლელობიდან 22 წელი გავიდა

giorgi_chanturia-copy-2დისიდენტური საქმიანობისათვის პირველად 1979 წელს დააპატიმრეს. 1981 წელს იატაკქვეშეთში ააღორძინა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი თავმჯდომარე გახდა. 1983 წელს კვლავ დააპატიმრეს ანტისაბჭოთა გამოცემების გავრცელებისათვის. გათავისუფლების შემდეგ აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1987 წელს მონაწილეობა მიიღო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ჩამოყალიბებაში, თუმცა თავისი უკომპრომისო შეხედულებების გამო 1988 წელს გამოეთიშა ამ ორგანიზაციას. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ მცირე ხნით პატიმრობაში იყო.

1990 წლიდან გამწვავდა ჭანტურიას ურთიერთობა ზვიად გამსახურდიასთან. პირველი დაპირისპირება სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტის გარშემო მოხდა. ჭანტურია აკრიტიკებდა გამსახურდიას მიდგომას ეთნიკური პრობლემებისადმი და ამტკიცებდა, რომ ეროვნული მოძრაობის პირველადი ამოცანა დამოუკიდებლობის მოპოვება უნდა ყოფილიყო. 1990 წლის 11-13 მარტის კონფერენციაზე საბოლოოდ გაიყო მათი პოლიტიკური გზები. ჭანტურიამ, გამსახურდიასგან განსხვავებით, არ მიიღო მონაწილეობა 1990 წლის არჩევნებში და სცადა პარალელური საკანონმდებლო ორგანოს — ეროვნული კონგრესის ორგანიზება, მაგრამ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა ერთი მხრივ კონგრესის არაპოპულარობისა და მეორე მხრივ მის ლიდერთა შორის მზარდი კონფრონტაციის გამო.

1991 წელს გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჭანტურიას პოზიცია კიდევ უფრო შეურიგებელი გახდა. ედპ აქტიურად ჩაება მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში და გამსახურდიას გადაგომა თავის ლოზუნგად აქცია. 1991 წლის 17 სექტემბერს მოსკოვში გასაფრენად გამზადებული ჭანტურია პოლიციამ დააკავა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის ბრალდებით დააპატიმრა. გათავისუფლების შემდეგ ჭანტურია კვლავ მონაწილეობდა გამსახურდიას წინააღმდეგ მიმართლ გამოსვლებში.

1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჭანტურია ედუარდ შევარდნაძის მიმართ ზომიერ ოპოზიციაში იყო, თუმცა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლის შემდეგ მისი პოზიცია უფრო კრიტიკული გახდა. 1994 წ. ჭანტურიამ ღიად გააკრიტიკა შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა კვირაია, უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე და თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე და მათ პრორუსულ ორიენტაციაში დასდო ბრალი.

1994 წლის 3 დეკემბერს თბილისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობის დასკვნით ნაწილს საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდა. ამ დღეს პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია მოხსენებით გამოსვლას გეგმავდა, როგორც მაშინ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში ამბობდნენ, მოხსენება სკანდალური და ხელისუფლების მამხილებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა იმ დილით საქართველოში პირველი პოლიტიკური მკვლელობა მოხდა. დაახლოებით 10 საათზე, ბალანჩივაძის ქუჩაზე, სახლიდან გამოსული გიორგი ჭანტურია საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. მასთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე ირინა სარიშვილი და დაცვის წევრი მერაბ ბარამია. გიორგი ჭანტურიასთან ერთად დაიღუპა მერაბ ბარამიაც, ხოლო ირინა სარიშვილი მძიმედ დაიჭრა.

10628479_304803606358197_5922877985640982982_n

“ბუნდოვნად მახსოვს, სადარბაზოს რომ გავცდით, წინ თეთრი მანქანა გადაგვიდგა. მარკა არ მახსოვს, რადგან გიასკენ ვიყავი შებრუნებული და რაღაცას ვეუბნებოდი. ამ დროს გავიგონე სროლის ხმა, იმწუთას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს კენჭები ხვდებოდა მანქანას. ამ ყველაფერს წამები დასჭირდა. სროლა კარგა ხანს გაგრძელდა, როგორც მერე მითხრეს, 8 წუთი. იმ დროს გავიგონე კაცების ყვირილი, – ბავშვებო, შინ შედითო. მაშინ ეს სიტყვები ვერაფერს დავუკავშირე. მერე, როგორც მკვლელობის თვითმხილველთა ჩვენებებიდან გავიგე, თვითონ ტერორისტები ყვიროდნენ. სავარაუდოდ, ხალხი გარეთ რომ არ გამოცვენილიყო და მკვლელებს ხელი არ შეშლოდათ, თავად ტერორისტები ყვიროდნენ და ბავშვები სახლებში შეყარეს. ამასობაში, გავცდით ჩვენს სადარბაზოს და როგორც კი მეორემდე მივედით, დაცხრილული მანქანა გაჩერდა. მახსოვს, სამი მხრიდან ისროდნენ. გიას არ ვუშვებდი, ერთი ხელით მყავდა დაკავებული. მანქანაში ყვიროდნენ. ცალკე გიას დაცვის წევრი მერაბი ყვიროდა, ცალკე – გია. მეხსიერებაში ჩამრჩა, გია მეუბნებოდა, სადარბაზოში შეგიყვანო. მანქანის სავარძლებს შორის ვიყავი ჩაწოლილი და ვერაფერს ვხედავდი.სროლა რომ შეწყდა, თავი ავწიე. ფანჯრიდან სადარბაზოს გავხედე, სხვაგან გახედვა არც მიფიქრია, იქ ველოდებოდი გიას გამოჩენას. მერე მერაბმა დაიყვირა, -“არ გაინძრე, “რაჟოკებს” ტენიანო. სროლა განახლდა. მახსოვს, გიამ ხელი უკან, იარაღისკენ წაიღო, თითქოს ამოღება უნდოდა. მე ვაკავებდი, ის კი მანქანიდან გადასვლას ცდილობდა. მერაბ ბარამია ბოლოს მე გადამეფარა. 40 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი… ყველა ზურგში. მერე, როცა სროლა საბოლოოდ შეწყდა და მანქანიდან გადმოსვლა მოვახერხე, სანამ დავეცემოდი, დავინახე, ვიღაცამ გვერდით ძალიან ნელა ჩამიარა. ავტომატს მიათრევდა. მისი სახე კარგად დამამახსოვრდა, თუმცა შემდგომში დაკავებულებში ის არ შემხვედრია.”
ირინა სარიშვილი, 2002 წ.

1994 წ. 3 დეკემბერს ჭანტურია ადგილზევე გარდაიცვალა, მისი მეუღლე ირინა სარიშვილი მძიმედ დაიჭრა. მკვლელობა საბოლოოდ გამოუძიებელი დარჩა, თუმცა მისი პოლიტიკური ხასიათი ეჭვს არ იწვევდა. სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირების მიერ თავდასხმა ბრალდებოდა კვირაიას ან გიორგაძეს.  გიორგი ჭანტურია დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიის ეზოში.

banner
წინა სტატიაშიოქსანა სევასტიდი ასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატია(video) “ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა არ არის მოსალოდნელი” – კახა კალაძე