გია ცერცვაძის საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველი კომენტარი გაკეთდა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვადასხვა დონის მოხელეებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდათ.

მისი თქმით, პრეზიდენტი აღნიშნული საქმის განვითარების ეტაპების შესახებ ინფორმირებულია და იმედი აქვს, რომ ცერცვაძის, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები დაცული იქნება კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად.

„შესაძლოა, ის ყოველდღიური მუშაობა, რასაც უშიშროების საბჭო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეწევა არ იყოს ის მუშაობა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ღიად.

საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი პირველივე დღიდან საქმის კურსშია ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც კი ჩაითვლება საჭიროდ, რომ უმაღლესმა მთავარსარდალმა გააკეთოს განცხადება და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, გარწმუნებთ, რომ ეს პოზიცია დროულად იქნება გამოხატული“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ყოველი დამატებითი დღე პატიმრობის არის სამარცხვინო
შემდეგი სტატიაიან კელი: ეს არის ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა