“ღვთისგან, თუ რაიმე მისია დამეკისრება, მზად ვარ ღვთის ნების აღსრულებაში მივიღო მონაწილეობა”, – ასე უპასუხა ჭყონდიდის განყენებულმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე (ცაავამ) “თაიმერის” შეკითხვას, იმასთან დაკავშირებით, თუ დღის წესრიგში, პატრიარქის შეცვლის საკითხი დადგება, შემდგომ პროცესებში თუ მიიღებდა მონაწილეობას.
მიტროპოლიტის განმარტებით, მაღალ სასულიერო იერარქიაზე მისი დანიშვნა, პატრიარქის სურვილი იყო და როგორც თავად ამბობს, უფლის ნების წინააღმდეგ არ წავიდა.
“ჩემთვის მთავარი არის სულის ცხონება. როგორც არასდროს, ისე ვგრძნობ ბოლო ჟამის არსებობას და მოახლოების საშინელ სამსჯავროს. მთავარი მიზანი ადამიანისა, ქრისტიანისა, სულის გადარჩენაა, სულის გადარჩენისათვის გადავდგი მხოლოდ ეს ნაბიჯები, არ შევეგუე უსამართლობას და სხვა მავანთაგან განსხვავებით, უარი ვთქვი კომფორმიზმზე. სულის გადასარჩენად ვაგრძელებ ცხოვრებას და მოღვაწეობას. გონებაშიც არ დამიშვია მაღალი იერარქია, ისე გავხდი ეპისკოპოსი, კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, პატრიარქმა დამითანხმა იმით, რომ უფლის ნების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა, სინოდის მიერ არჩეულ ეპისკოპოსს უარი ეთქვა, თუნდაც, მაღალ სასულიერო იერარქიაზე. 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე ამიტომაც დავყევი ღვთის ნებას და დღემდე მივყვები და შევსთხოვ უფალს, რომ არასდროს მომარიდოს ღვთის ნების აღსრულებას. მაგრამ ღვთისგან, თუ რაიმე მისია დამეკისრება, მზად ვარ ღვთის ნების აღსრულებაში მივიღო მონაწილეობა”, – განაცხადა მეუფე პეტრემ “თაიმერისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

















