ღუდუშაურში აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოში გაუსვლელად იმყოფებოდა კლინიკაში და ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას

ღუდუშაურის სახელობის კლინიკა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით დე ფაქტო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას უსაფუძვლოს უწოდებს.

კლინიკაში განმარტავენ, რომ 2008 წლის აგვისტოს მთელი თვის განმავლობაში ვაჟა გაფრინდაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებოდა და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით დე ფაქტო რეჟიმის მიერ გაჟღერებულ მორიგ უსაფუძვლო განცხადებას, რომელიც გავრცელდა მასმედიის საშუალებებში. 2008 წლის აგვისტოში, ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და პირნათლად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. იგი, როგორც საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ჭეშმარიტი ექიმი, ჩვენი კლინიკის კედლებში იბრძოდა პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. აი, ეს გახლავთ სიმართლე. სამედიცინო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ ვგმობთ ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და არაჰუმანურ ქმედებებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – ნათქვამია ღუდუშაურის სახელობის კლინიკის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიერისკაცობაში პროფესიით ექიმი მეუფე გრიგოლი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე “თაიმერის” კითხვებს არ პასუხობს
შემდეგი სტატიაბოკერია ჩუგოშვილისგან “გერმანულ მოდელთან” დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს ითხოვს