ღუდუშაური: დაგვიტოვეთ უფლება, ვიმოქმედოთ ისე, რასაც გვავალდებულებს საქართველოს კანონმდებლობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტების პროცესი დროებით შეჩერდეს.

მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება პროცესს მეტად შეიყვანს ჩიხში. როგორც ღუდუშაური ამბობს, ცვლილებაში ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციაა გათვალისწინებული.

„როდესაც ვსაუბრობთ რაღაცის დაპაუზებაზე, შეჩერებაზე, ამას სჭირდება შესაბამისი საფუძველი. არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ მართლმსაჯულება გაჩერდეს. მართლმსაჯულება ვერ გაჩერდება, ეს ისეთ ნაბიჯებს გამოიწვევს და ისეთ შედეგამდე მიგვიყვანს, რომელიც კიდევ მეტად ჩიხში შეიყვანს, გაართულებს გადაწყვეტილებებს, რასაც ელოდება ჩვენი ათასობით მოქალაქე“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

როგორც ღუდუშაური ამბობს, ცვლილებაში ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციაა გათვალისწინებული. მან საკითხის ირგვლივ საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა.

„ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია არის გათვალისწინებული და ასახული ცვილებაში. ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდა წინა ჯერზე კანდიდატებთან გასაუბრება, შერჩევა და უზენაეს სასამართლოში განწესება. შესაბამისად, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და შენიშვნა არის გათვალისწინებული. ისევე როგორც ჩვენ, ასევე ელჩს აქვს უფლება, თავისი პოზიცია გამოხატოს, მაგრამ დაგვიტოვეთ უფლება, ჩვენ ვიმოქმედოთ ისე, რასაც გვავალდებულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: კლუბებმა ძალიან კარგად ითანამშრომლეს შრომის ინსპექციასთან
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ არის ერთი რომელიმე პარტიის მიზანი