ღმერთმა საგანძური მოგვცა და პატრონობა ჯერჯერობით ვერ ვისწავლეთ

“ღმერთმა საგანძური მოგვცა და პატრონობა ჯერჯერობით ვერ ვისწავლეთ” – ასე აფასებს ბათუმში, თამარის დასახლებაში ნაპოვნი ქვევრის დაზიანების ფაქტს არქეოლოგი ამირან კახიძე.

ორი დღის წინ ნაპოვნი ქვევრის შესწავლა სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს.

​წინასწარი დათვალიერების საფუძველზე, არქეოლოგები ამბობენ, რომ ქვევრი განვითარებული შუასაუკუნეების პერიოდის უნდა იყოს. “შემთხვევითი აღმოჩენა ძალიან საინტერესოა. დავამტკიცეთ, რომ ამიერკავკასიაში ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობების პირველი ნივთიერი მტკიცება აქ არის,” – ამბობს კახიძე.

ამირან კახიძე ფიქრობს, რომ მერიამ, მიწისქვეშა სამუშაოების დაწყების დროს, არქეოლოგები საქმის კურსში უნდა ჩააყენონ. “ადრე წესი იყოს ასეთი თუ რაიმე სამუშაო ტარდებოდა აუცილებელი იყო სპეციალისტის თანამონაწილეობა. ჩვენ რომ გვცოდნოდა მიწისქვეშა სამუშაოების შესახებ, სპეციალისტი მეთვალყურეობას გაუწევდა და ასეთი ბარბაროსობა არ მოხდებოდა. ეს აღმოჩენა ბათუმის ისტორიისათვის ძალიან ღირებულია” – ამბობს არქეოლოგი ამირან კახიძე.

ბათუმში აღმოჩენილი ქვევრის დაზიანების შესახებ, ბათუმის მერია პირველ კომენტარს აკეთებს. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი თენგო პეტრიძე ამბობს, რომ მერიაში ქვევრის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ შესულა. შესაბამისად, მათ სპეციალისტები ქვევრის დაზიანების შემდეგ მიიწვიეს და დაიწყო ექსპონატის კვლევა.

“ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ფაქტიურად უვნებელი ქვევრი იყო და მერე დაზიანდა. სამწუხაროდ, მერია ინფორმირებული არ იყო ამ საკითხზე. კომპანიას, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, ჩვენთვის არ მოუწოდებია ინფორმაცია. შეიძლება ითქვას, ქვევრი მუშა პერსონალის დაუდევრობით დაზიანდა” – ამბობს პეტრიძე.

მისი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია, ადგილზე მუშაობენ არქეოლოგები. შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ კი მიიღებენ გადაწყვეტილება, რა ზომები იქნება გატარებული. “მანამდე მერია აჩერებს ამ ტერიტორიაზე მუშაობას” – ამბობს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი.

კონკრეტულად რა რეაგირებაზეა საუბარი და გატარდება თუ არ სანქციები ექსპონატის დაზიანებისთვის, ამ დროისთვის უცნობია.

ბათუმში, თამარის დასახლებაში, კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მიწის ქვედა ფენებში, მუშებმა ქვევრი აღმოაჩინეს. უვნებლად შემონახული ექსპონატი, აღმოჩენიდან მალევე განადგურდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორის დახმარებით ჩამოამტვრიეს. ​

banner
წინა სტატიაშიკომისიამ შპს “მობიტელი“ 30000 ლარით დააჯარიმა
შემდეგი სტატიახვალ, მთელ საქართველოში ამინდი გაუარესდება