ღია მმართველობის საკითხებზე მთავრობის მაღალი რანგის სათათბირო ორგანო შეიქმნა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 13, 2020 13:47

ღია მმართველობის საკითხებზე მთავრობის მაღალი რანგის სათათბირო ორგანო შეიქმნა

მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ღია მმართველობის მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ღია მმართველობა საქართველოს პროცესში ჩართული არასამთვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით. მაღალი რანგის სათათბირო ორგანოს წევრები იქნებიან მინისტრის მოადგილეები და პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დაინტერსებული მუნიციპალური ორგანოები.

ღია მმართველობის პროცესს 2013-2019 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უძღვებოდა. ამ პერიოდში არაერთი ხელშესახები შედეგი იქნა მიღწეული, მათ შორის, საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა 2017-2018 წლებში და პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს საქართველოში უმასპინძლა.

პროცესის კოორდინაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე 2019 წლის აპრილიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით შეიქმნა მაღალი რანგის სათათბირო ორგანო, რომლის ფარგლებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ღია მმართველობასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო საკითხების ადვოკატირება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გაწიონ.

ღია მმართველობის ახალი საკოორდინაციო მოდელის ჩამოყალიბების პროცესში ადმინისტრაციამ აქტიურად ითანამშრომლა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open Government Partnership – OGP) საერთაშორისო სამდივნოსთან.

ახლადშექმნილი საბჭოს დებულების მიხედვით:

– ნათლად ყალიბდება ღია მმართველობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების წესი, რომლის თანახმად, თანაბარი უფლებები ენიჭებათ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს;

– საბჭოს ხელმძღვანელობის უფლებამოსილება ორ თანამომხსენებელს შორის ნაწილდება, რომელთაგან ერთი სახელმწიფო უწყებების, ხოლო მეორე – არასამთავრობო სექტორის მხრიდან იქნება წარდგენილი;

– საბჭოს ანგარიშვალდებულება საქართველოს მთავრობის წინაშე განისაზღვრება;

– სახელმწიფო უწყებებს ეკისრებათ ვალდებულება ღია მმართველობის დღის წესრიგის შედგენის პროცესში დასაბუთებული არგუმენტაციით უპასუხონ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებს.

განსახორციელებელი ცვლილებები ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა 2019 წლის დეკემბერში გამართულ ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრაზე წარადგინა.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა.

2019 წლის გაზაფხულიდან ღია მმართველობა საქართველოს კოორდინაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. 2019 წლის აპრილში საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად 3 წლის ვადით აირჩიეს. საქართველოს მთავრობას მმართველ კომიტეტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი წარმოადგენს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 13, 2020 13:47

Google სტატისტიკა


6,269
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics