ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ 26 აპრილს პალესტინელთა ტერიტორიაზე ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალი.
„სამი მოწამე და კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა საოკუპაციო ძალების თავდასხმების შედეგად ქალაქ ღაზაში და ხან-იუნისში“, – განაცხადა სააგენტომ, რომელიც ჰამასის დაქვემდებარებაში მოქმედებს, როგორც სამაშველო სამსახური.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ეცნობიან ინფორმაციას.
ოქტომბრის ზავმა დიდწილად შეაჩერა ღაზის ომი, რომელიც ჰამასის 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაიწყო. თუმცა, ძალადობა კვლავ გრძელდება, ღაზის რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელიც ჰამასის მმართველობის ქვეშაა და რომლის მონაცემებსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სანდოდ მიიჩნევს, ზავის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, სულ ცოტა, 811 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, ღაზაში ზავის დაწყებიდან ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა.
AFP–ის სააგენტოს თანახმად, მედიის შეზღუდვები და ღაზაში შეზღუდული წვდომა ჟურნალისტებს ხელს უშლის დაღუპულთა რაოდენობის დამოუკიდებლად გადამოწმებაში ან საბრძოლო მოქმედებების თავისუფლად გაშუქებაში.
















