ღაზაში “ჰამასსა” და გავლენიან საგვარეულოს შორის შეტაკებას, მინიმუმ, 27 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელში, ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების, ჰამასის დანაყოფებსა და დოგმუშის ადგილობრივი საგვარეულოს შეიარაღებულ წევრებს შორის შეტაკებებს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოცემა BBC თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰამასის ტერორისტებმა და საგვარეულოს მებრძოლებმა ღაზაში ყოფილი საავადმყოფოს მახლობლად ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

“ამჯერად ხალხი ისრაელის იერიშებს არ გაურბოდა, საკუთარ ხალხს გაურბოდა”. – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გამოცემასთან საუბრისას.

BBC ჰამასის მიერ მართული შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაპირისპირების შედეგად ჰამასის წევრი 8 ტერორისტი მოკვდა.

ამასთან, გამოცემა ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეტაკებების შედეგად დოგმუშის საგვარეულოდან 19 პირი და ჰამასის 8 ტერორისტი მოკვდა.

ჰამასის მტკიცებით, დოგმუშის საგვარეულოზე იერიში მიიტანეს, რადგან მათი მებრძოლები მანამდე ტერორისტულ დაჯგუფებას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 2 ტერორისტი მოკვდა, 5 კი დაშავდა.

თუმცა, დოგმუშის საგვარეულოდან ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ ჰამასი ოჯახს ყოფილი საავადმყოფოს შენობის დატოვებას აიძულებდა, რათა იქ საკუთარი ბაზა აეშენებინა.

ცნობისთვის, დოგმუშის საგვარეულო ღაზაში ერთ-ერთი მსხვილი საგვარეულოა, რომელსაც ჰამასთან აქამდე დაპირისპირებები ჰქონია.

მანამდე, 10 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაასრულა ღაზის სექტორში სამშვიდობო გეგმით შეთანხმებულ ხაზამდე სამხედრო ნაწილების გამოყვანა, რითაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად შევიდა ძალაში და დაიწყო 72-საათიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ მძევლები უნდა გაათავისუფლოს.

banner
წინა სტატიაშიმარში ვერის ბაღიდან რუსთაველამდე
შემდეგი სტატიაბოლო ორ დღეში მეორედ, ტრამპმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს