ღაზაში გარდაცვლილთა შორის 14 ბავშვია

ისრაელის არმიის მიერ ღაზას სექტორში პოლიციისა და სხვა ძალოვანი უწყებების  შენობების დაბომბვას დილამდე აგრძელებდა. შედეგად გარდაცვლილია 48 პალესტინელი, მათ შორის 14 ბავშვი – ამის შესახებ ღაზას ჯანმრთელობის მინისტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით “ალ-ჯაზირა” წერს.
გარდაცვლილია, ასევე, ექვსი ებრაელი. ისრაელის არმიის განცხადებით, ღაზადან ისრაელის სხვადასხვა მიმართულებით 1500 რაკეტა იქნა გამოშვებული.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ოთხშაბათს საკუთარ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა, რომ მხარეებმა ქარაფიდან უკან უნდა დაიხიონ.  “დიდი ბრიტანეთი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ძალადობის ზრდასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასთან დაკავშირებით” – დაწერა ჯონსონმა და მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია როდის შეწყვეტს ისრაელი ღაზას მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ისრაელის არმიის სპიკერმა ჯონათან კონრიუსმა (Jonathan Conricus) თქვა, რომ საბრძოლო მოქმედებების გამძაფრებას ელოდება. როცა მას კითხეს თუ რას ფიქრობს ჯერჯერობით დაუდასტურებელ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ჰამასს კონფლიქტის დასრულება სურს, სპიკერმა უპასუხა: “არა მგონია ჩემმა სარდლობამ ამის შესახებ იცოდეს, ან ამით დაინტერესებული იყვნენ” – “ალ-ჯაზირა” წერს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვეს ებრაელმა ძალოვანებმა პალესტინელებს ქალაქ იერუსალიმში ტრადიციული შეხვედრის ჩატარება აუკრძალეს. ამას თან დაერთო აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე პალესტინელის სახლებიდან გამოსახლება.

7 მაისს ისრაელის პოლიციამ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ნაღმები გამოიყენა, მოგვიანებით პოლიციელებისა და პალესტინელების შეტაკება ალ-აკსას მეჩეთთან მოხდა, რომლის დროსაც დაახლოებით 220 პირი დაშავდა, მათ შორის 17 სამართალდამცველი.

10 მაისს პოლიციელების და პალესტინელების ხელახალი შეტაკებისას ასობით პირი დაშავდა, 50 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის არმიის წარმომადგენელმა სამშაბათს განაცხადა, რომ პალესტინელმა ბოევიკებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. შეტავას ისრაელმა შეტევითვე უპასუხა. არიან გარდაცვლილები.

banner
წინა სტატიაშიისრაელში, ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს
შემდეგი სტატიაფატუ ბენსუდა ისრაელ-ღაზას შორის კონფლიქტით შეშფოთებულია