ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა, 72 საათში “ჰამასმა” მძევლები უნდა გაათავისუფლოს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) 10 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის, დაასრულა ღაზის სექტორში სამშვიდობო გეგმით შეთანხმებულ ხაზამდე სამხედრო ნაწილების გამოყვანა, რითაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ოფიციალურად შევიდა ძალაში და დაიწყო 72-საათიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ მძევლები უნდა გაათავისუფლოს.

სამხედრო ძალების გამოყვანა ისრაელის მხრიდან ღაზის გარკვეულ ნაწილებში საარტილერიო დაბომბვისა და საჰაერო იერიშების ფონზე მიმდინარეობდა. ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის დაწყებამდე ჰამასის სნაიპერმა IDF-ის რეზერვისტი მოკლა. შეთანხმებულ ხაზამდე ჯარების გამოყვანის შემდეგ, ისრაელის კონტროლქვეშ კვლავ რჩება ღაზის სექტორის 58%.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან 72 საათის განმავლობაში ჰამასი შეთანხმებისამებრ ვალდებულია, ყველა ცოცხალი მძევალი გაათავისუფლოს და ისრაელს ყველა გარდაცვლილი მძევლის ცხედარი გადასცეს, რომელზეც ხელი მიუწვდება. შესაბამისად, ჰამასს ვადა 13 ოქტომბრის შუადღემდე აქვს.

8 ოქტომბერს ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ისრაელი და ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია “სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე” შეთანხმდნენ.

“ძალიან ვამაყობ, რომ შემიძლია გამოვაცხადო: ისრაელმა და ჰამასმა ორივემ ხელი მოაწერა ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი მათ სამხედროებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯები იქნება მტკიცე, გამძლე და სამუდამო მშვიდობისკენ.” – დაწერა ტრამპმა.

სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მხარეებს შორის მოლაპარაკებები ეგვიპტეში გაიმართა, სადაც ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი (ტრამპის სიძე) 8 სექტემბერს ჩავიდნენ.

ისრაელისა და ჰამასის წარმომადგენლების გარდა, მოლაპარაკებებში კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მიერ გაგზავნილი შუამავლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვახერხებთ მტრის შეჩერებას და ისინი ცალკეული სექტორებიდან უკან იხევენ – ოლექსანდრ სირსკი
შემდეგი სტატია4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა