ღარიბაშვილმა ზელენსკის უარი უთხრა, სააკაშვილის მდგომარეობა უკრაინელმა ექიმებმა შეამოწმონ

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უარი უთხრა თხოვნაზე, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკრაინელმა ექიმებმა შეამოწმონ.

ზელენსკიმ საქართველოს პრემიერმინისტრს ტელეფონით გუშინ, 11 ნოემბერს ელაპარაკა.

მან უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დასვა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

“პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული იძულებითი ზომების დაუშვებლობას. ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილს დედასა და ნათესავებს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ასევე სთხოვა მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების მიღების განხილვა”. – ნათქვამია ზელენსკის ოფისის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს საშუალება აქვს, მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა, ისე პარლამენტის დეპუტატებმა”.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტი ზელენსკი საუბარში შეეხო პატიმარი სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა “კანონით განსაზღვრული ქმედებები”.

“სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. […]

ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ”. – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითელავში “გირჩი-მეტი თავისუფლების” მიერ ორგანიზებული პერფორმანსის დროს მწერალი ტორესა მოსი დააკავეს
შემდეგი სტატიასამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, რადგან აპარატი ციხის დაწესებულებაშია გადატანილი, სინამდვილეს არ შეესაბამება