ღარიბაშვილის წერილი პირდაპირი დადასტურებაა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა – ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ წევრის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი პირდაპირი დასაბუთება და დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ დაწესებული პირობის შესასრულებლად საჭიროა ახალი მთავრობის ფორმირება.

„ევროკავშირის პირველი მოთხოვნა დეოლიგარქიზაციაა. დღევანდელი მმართველობა, მისი შემადგენლობით და არსით, ევროკავშირის მიერ არ მიიჩნევა ისეთ მმართველობად, რომელიც იმსახურებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას. ღარიბაშვილის წერილი პირდაპირი დასაბუთება და დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა. ჩემმა ახალგაზრდა კოლეგამ დათვალა, პრემიერ-მინისტრის წერილში 38-ჯერ არის ნახსენები ბიძინა ივანიშვილი. ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ამ პრობლემის გადაჭრის, დეოლიგარქიზაციის გარეშე ჩვენს ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

თვითონ ღარიბაშვილი ამბობს, რომ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები არიან ის ადამიანები, რომლებიც დაახლოვებული არიან ბიძინა ივანიშვილთან. მთავრობის მთავარი ღერძი შედგენილია სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც შერჩეული არიან ბიძინა ივანიშვილისადმი ლოიალურობის პრინციპიდან და კრიტერიუმიდან გამომდინარე. ესაა ოლიგარქიული მმართველობა, ანუ პიროვნება, რომელიც თავისი სიმდიდრით ქვეყნის ბიუჯეტის მესამედს ფლობს, მაგრამ ასეთ ადამიანთან აფილირებული პირები არიან ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები და პრემიერ-მინისტრი მასთან პირდაპირ აფილირებული ადამიანია.

ჩვენ ეს დიდი პრობლემა რომ გადავლახოთ და შევასრულოთ პირობა, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა, საჭიროა ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც არ იქნება ფორმირებული ივანიშვილთან დაახლოებული ადამიანებისგან, არამედ ფორმირებული იქნება პროფესიონალებისგან. რაც უნდა ბევრი წერილი დაწეროს პრემიერ-მინისტრმა, ამით პირიქით, ხელს უწყობს იმ წარმოდგენის და ხედვის განმტკიცებას, რომ ქვეყანაში მართლაც ფესვები აქვს გადგმული ოლიგარქიულ მმართველობას და სამწუხაროდ, გარკვეულწილად ეს იღებს კერპთაყვანისმცემლობის სახესაც, რაც ძალიან ცუდია პირველ როგში ივანიშვილისთვის. მას უფრო უზრდის რისკებს და ჩვენს ქვეყანას უმცირებს შანსებს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ბოლო გამოკვლევებით ჩვენი მოსახლეობის 70 პროცენტი ფიქრობს, რომ ევროკავშირის გზაზე დღეს დაბრკოლებას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი. ამ ადამიანების მოსაზრებების იგნორირება ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. ქვეყანა ჩაფლულია ოლიგარქიულ მმართველობაში და დეოლიგარქიაზე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენი დასავლელი მეგობრები და ევროკავშირი გვეუბნებიან, რომ შეუძლებელია, ევროკავშირის ოჯახში შეხვიდე იმ ტიპის მმართველობით, რომელიც დღეს საქართველოშია ჩამოყალიბებული. შენს წერილში 38-ჯერ რომ ახსენებ პიროვნებას, მიუთითებს, რომ ეს პიროვნება შენი ხელმძღვანელია. ფაქტობრივად, მიმდინარეობს საუბარი ივანიშვილის გარემოცვაში შემავალი პირების დასანქცირებაზე, გარკვეული მოსამართლეების დასანქცირებაზე, რაც არ უნდა გადაეფაროს კობახიძე თუ პაპუაშვილი ამ თუ იმ მოსამართლეს, რომელიც პირდაპირ ბრძანებებს და დავალებებს ასრულებენ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს, ბადრი ჯაფარიძის განმარტებით, თავად ივანიშვილს არ სურს, იყოს პირველ ხაზზე და მისთვის კომფორტულია, როგორ რეჟიმშიც იმყოფება. „ამის მიმართ დიდი მოლოდინი არ მაქვს. პოლიტიკაში მისი დაბრუნება უფრო გაართულებდა საქმეს. ცუდია პოლიტიკაში ასეთი ტიპის პროგნოზების კეთება, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ გვჭირდება დეოლიგარქიზაცია“, – დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.

წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, დამოუკიდებლად გადააადგილება არ შეუძლია, მაგრამ სულიერად მხნედ არის – მანჯგალაძე
შემდეგი სტატიაამირიკული ექსპერტიზის ბიურო სააკაშვილის ანალიზების სასწრაფოდ გადაგზავნას ითხოვს