ღარიბაშვილის გზავნილები დღეს ბრიუსელში არ იყო იმგვარი, რომელიც ხელს უწყობს დიალოგის წარმატებას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილები არ იყო იმგვარი, რომელიც ხელს უწყობს დიალოგის წარმატებას, ამას დაინახავდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

სამადაშვილის შეფასებით, უცნაურია პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

„ვფიქრობ, ჩვენ ბრიუსელში მოვისმინეთ იმის დადასტურება, რომ ქვეყანაში არის უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი. მოვისმინეთ ისიც, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს ქვეყნისთვის არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ პოლიტპატიმრები არ არსებობენ და სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ცოტათი უცნაურად ჟღერდა, მაშინ, როდესაც მას ევროპელმა კოლეგებმა შეახსენეს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო დამოუკიდებლობა და ასევე მოვისმინეთ, რომ ევროკავშირი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დასრულებას.

ვფიქრობ, ღარიბაშვილის გზავნილები დღეს ბრიუსელში არ იყო იმგვარი, რომელიც ხელს უწყობს დიალოგის წარმატებას და ამას დაინახავდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები. რაც შეეხება ოპოზიციის, ჩვენს განწყობას, ჩვენ გვსურს, რომ მედიაციის პროცესი​ შეთანხმებით დასრულდეს, ამიტომ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას. თუმცა ცხადია, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზად კვლავაც მიგვაჩნია ვადამდელი არჩევნები. პოლიტიკური კრიზისი რომ არსებობს, ამაზე გვეთანხმებიან ჩვენი ევროპელი კოლეგები და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემაც, რა თქმა უნდა, რჩება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხად“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებმა შედეგი რომ გამოიღოს, ამას ორივე მხარე სჭირდება.

„ჩვენ მზად ვართ, რათა მოლაპარაკებებმა დადოს შედეგი, მაგრამ ამას სჭირდება ორი მხარე. „ქართულ ოცნებას“ თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდეს, მაშინ, როგორც ჩანს, ისინი არ ავლენენ იმ კონსტრუქციულობას, რომელზეც სწორედ საუბრობს ევროპული მხარე. ჩვენი მხრიდან საკმაოდ დიდ დათმობაზე წავედით, როდესაც განვაცხადეთ, რომ თუ შეთანხება შედგება, ოპოზიცია მზად არის პარლამენტში იმუშაოს, შესაბამისად, იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესის შესაქმნელად“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ღარიბაშვილის სიტყვები არაფერს ნიშნავს
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხებზე თუ არ საუბრობს, მოსალაპარაკებელიც არაფერი ყოფილა