ღარიბაშვილის გარემოცვასა და ნოდარ ჯავახიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა?

ამ წუთებში „თაიმერისთვის“ სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი. ჩვენი წყარო, რომელიც კონფიდენციალურობის დაცვის გარაანტიით დაგვიკავშირდა, აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილსა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვას შორის ფიზიკური დაპირისირება მოხდა, რის შედეგადაც ნოდარ ჯავახიშვილმა დაზიანებები მიიღო.
„ჯავახიშვილსა და ღარიბაშვილის გარემოცვას შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ჯავახიშვილმა შავლიაშვლი შეცვალა, რომელიც მოიაზრებოდა როგორც ღარიბაშვილის კადრი. მაშინ ითქვა, რომ ჯავახიშვილის „ინფრასტრუქტურაში“ გაშვება ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა. უფრო მეტიც, ჯავახიშვილის მინისტრობის პერიოდში ტენდერებთან დაკავშირებული არცერთი სქემა არ გამოვლენილა. სწორედ რომ ამ პათოსით მოვიდა ჯავახიშვილი ამ თანამდებობაზე. ახლანდელი სისხლიანი გარჩევის მიზეზიც, როგორც გავიგე, სწორედ ტენდერებთან დაკავშირებული სქემები გახდა,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო. მისი თქმით, მომხდარის შესახებ ოფიციალური კომენტარი შესაძლოა არ გაკეთდეს, მაგრამ ეს ინციდენტი მთავრობაში გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. ცნობილია, რომ ნოდარ ჯავახიშვილი, რომლისთვისაც სკანდალები უცხო არაა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პირველ მოადგილედ უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ამ ცემა-ტყეპის შემდეგ ჯავახიშვილი სახელმწიფო თანამდებობას, ალბათ, სამუდამოდ დაემშვიდობება და შეიძლება ისე მოხდეს, რომ ივანიშვილმა ინციდენტში მონაწილე ღარიბაშვილის გარემოცვის წევრებიც დასაჯოს.
„თაიმერი“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ნოდარ ჯავახიშვილთან ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ნოდარ ჯავახიშვილის გარემოცვა კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ინფორმაციას.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ჯგუფები 15 დეკემბრის ხმაურიანი აქციისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი და ევროპული საბჭო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე შეთანხმდნენ